ტრამპის საგადასახადო რეფორმამ ბაფეტი $29 მილიარდით გაამდიდრა

მილიარდერ უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფონდმა „ბერკშირ ჰეტუეიმ“, გასული წელი რეკორდული მოგებით დაასრულა.

მისი აქციონერები ჯამში 44.9 მილიარდ დოლარს გადაინაწილებენ, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 87 პროცენტით მეტია.

აქციონერებისადმი მიწერილ წერილში, ბაფეტმა განმარტა, რომ ასეთი მოგება ფონდს იმ საგადასახადო რეფორმამ მოუტანა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაატარა.

„მოგებიდან 36 მილიარდი დოლარი „ბერკშირის“ ოპერაციებმა მოგვიტანა, დანარჩენი 29 მილიარდი კი კონგრესის დამსახურებაა, რომელმაც შეერთებული შტატების საგადასახადო კოდექსი შეცვალა“, - ამბობს ბაფეტი.

ცნობისათვის, „ბერკშირ ჰეტუეი“ ათეულობით კომპანიის მფლობელი და არაერთი მსხვილი კორპორაციის აქციების პაკეტების მფლობელია.

შეერთებული შტატების საგადასახადო რეფორმის ინიციატორი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი ადმინისტრაციაა. ის ბიუჯეტში გადასახადების მნიშვნელოვან შეკვეცას ითვალისწინებს. ახალი საგადასახადო კანონი 1 იანვრიდან ამოქმედდა. ახალი კანონით, კომპანიების მოგებაზე მაქსიმალური გადასახადი, 35-დან 21 პროცენტამდე შემცირდა.