სპეციალური ეკონომიკური ზონისა და ქალაქების ინოვაციური მართვის ექსპერტები ”ანაკლია სითის” პროექტში ერთვებიან

„ანაკლია სითის“ მოწვევით, საქართველოში ქალაქებისა და სპეციალური ეკონომიკური ზონისინოვაციური მართვის სისტემის ექსპერტები ჩამოვიდნენ.

„ანაკლიის კონსორციუმის" ინფორმაციით, ამერიკელი პროფესორი, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართლის ექსპერტი, Cato Institute-ის მკვლევარი ტომ ბელი და მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ეკონომიკური ზონების განვითარების კონსულტანტი მაიკლ კასტლ მილერი უკვე თბილისში არიან.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებებსდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს.

ვიზიტის მთავარი მიზანი „ანაკლია სითისთვის“ ქალაქისა და ეკონომიკური ზონის შესახებ კონსულტაცია, გამოცდილებისა და მსოფლიოს თანამედროვე და წარმატებული ანალოგების გაზიარებაა.

„ქალაქ ანაკლიისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარებაზე მუშაობისას ჩვენ მაქსიმალურად შევისწავლით მსოფლიოს გამოცდილებას, რათა გავითვალისწინოთ საუკეთესო ან შევქმნათ ახალი და განსხვავებული; რაც მთავარია, ამ ყველაფერში მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები და მკვლევარები იქნებიან ჩართულნი. დღესაც ჩვენ ამ სფეროში წამყვანი კომპანიების სპეციალისტებს ვხვდებით, ვინც ქალაქების მართვისა თუ იურიდიული კონსულტაციებით მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში მუშაობდნენ. ანაკლია განვითარდება საუკეთესო პროფესიონალების ჩართულობით“, - განაცხადა „ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, „ანაკლია სითის“ გუნდისთვის მნიშვნელოვანია, აღნიშნულ სფეროში საერთაშორისო ექსპერტების გამოცდილების გაზიარების საშუალება საქართველოში სხვადასხვა სფეროების, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლებსაც მიეცეთ. ანაკლიის პროექტზე მუშაობისას საზოგადოების ჩართულობა და მათი მოსაზრებების მოსმენა მნიშვნელოვანია; ამიტომაც, „ანაკლია სითის“ თხოვნით პროფესორი ტომ ბელი სააჯარო ლექციასაც მართავს.

ჩეპმენის უნივერსიტეტის პროფესორის ტომ ბელის ექსპერტიზის სფეროებს შორისაა ინოვაციური მმართველობის სისტემები, ტექნოლოგიები, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სამართალი და საავტორო უფლებები. იგი აქტიურად მუშაობდა სილიკონის ველზე და ვაშინგტონში. პორფესორი ბელი Cato Institute-ის მკვლევარია და მუშაობდა ამავე ინსტიტუტის პოლიტიკის დირექტორად.

„ანაკლიის კონსორციუმის“ ინფორმაციით, მაიკლ კასტ მილერი იურიდიული და პოლიტიკის განმსაზღვრელი მიმართულებით კონსულტაციას უწევს მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე განვითარებულ თანამედროვე ქალაქებს და ეკონომიკურ ზონებს, თანამშრომლობს მსოფლიო ბანკთან, გაეროსთან და კერძო ინვესტორებთან. მილერის ჩართულობით ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში 16 ასეთი პროექტია განხორციელებული. მის სხვადასხვა პროექტებს შორისაა მწვანე ქალაქებისა და ჭკვიანი ქალაქების განვითარებაც, ისევე, როგორც საჯარო და კერძო უწყებების პარტნიორობით განხორციელებული პროექტები.

”ქალაქი ანაკლია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პარალელურად, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარდება. თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული ქალაქი რეგიონში მნიშვნელოვანი ბიზნეს ცენტრად მოიაზრება, სადაც განვითარდება ლოგისტიკური და ინდუსტრიული ზონა და სხვა მიმართულებები. ანაკლია მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო მიმზიდველს. ამ ეტაპზე „ანაკლია სითის“ გუნდი განაგრძობს პარტნიორობას მსოფლიოს ცნობილ სპეციალურ ეკონომიკურ ზონებთან და გადამზიდავ თუ ლოგისტიკურ კომპანიებთან; დაწყებულია მუშაობა ანაკლიის ქალაქგეგმარებით კონცეფციაზე რომელსაც წამყვანი ბრიტანული კომპანია BuroHappold Engineering-ი ახორციელებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.