"ფაროსანას წინააღმდეგ თუ შარშან გვყავდა 14 ეკიპაჟი, წელს 150 სპეცტექნიკა გვაქვს შეძენილი"

ფაროსანას წინააღმდეგ თუ შარშან გვყავდა 14 ეკიპაჟი, წელს 150 სპეცტექნიკა გვაქვს შეძენილი, რომელიც სრულად არის მობილიზებული , - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ფაროსანა დამარცხებადია თუ მოსახლეობა გაითვალისწინებს სპეციალისტების რჩევებს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, მცდარია მოსაზრება, რომ ხალხი ამ პრობლემას მარტო გაუმკლავდება და პოლიტიკურ ჯგუფებს სთხოვს, თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან.

”ფაროსანა დამარცხებადია თუ მოსახლეობა გააკეთებს იმას, რასაც ვეუბნებით. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ, რომ ეს არის წარმოუდგენელი კატასტროფა, რომელსაც ვერაფერი დაუპირისპირდება და სამხედროები უნდა ჩაერთონ, ამ შეთხვევაში მოსახლეობას უიმედობის განცდა უჩნდება. ასევე ჩვენი მოწოდებაა, რომ ნუ გახდება ეს თემა პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და დავუტოვოთ ეს თემა სპეციალისტებს. თუ ჩვენ მივყვებით სპეციალისტების რჩევებს, მივიღებთ მოსავლის ნაკლებ ზიანს და ვიქნებით შედეგიანები. სახელმწიფო მოსახლეობას მარტო არ ტოვებს. არა მხოლოდ კომუნიკაციით შემოიფარგლება, არამედ გვაქვს მონიტორინგის სისტემა, რაც გულისხმობს იმას, რომ მონიტორინგი განხორციელდეს როგორც საკარმიდამო ნაკვეთებში, ისე დანარჩენ სივრცეებში და ჩვენ ამისთვის საკმაოდ მაღალი მობილიზაცია გვაქვს. ფაროსანას წინააღმდეგ თუ შარშან გვაყვდა 14 ეკიპაჟი, წელს 150 სპეცტექნიკა გვაქვს შეძენილი, რომელიც სრულად არის მობილიზებული”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.