საბურთალოს რაიონში, მარშალ გელოვანის ქუჩისა და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე, ორდონიანი კვანძის მოწყობაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 16 მარტს დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 4 307 727 ლარია.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ორდონიანი კვანძის მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაცია „საქგზამეცნიერების“ მიერ მომზადდა.
შეგახსენებთ, რომ ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ წინა ტენდერში რუსული კომპანია „ნიკარემსტროი“ მონაწილეობდა, რომელიც ტენდერებიდან დისკვალიფიცირდა. სატენდერო კომისიამ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში“ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა.
ცნობისთვის, ვაშლიჯვრის დასახლებიდან გელოვანის გამზირზე ჩასასვლელი ესტაკადის მშენებლობა თბილისის მერის, კახა კალაძის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.