კრიპტო-ვალუტად შერაცხული ნავთობის ტალონი

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვენესუელას ახალი კრიპტო-ვალუტის შესახებ წერს.

„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვენესუელამ, პეტროს ვუშვებ, როგორც კრიპტო-ვალუტასო, და გასულ კვირას შთამბეჭდავი პრეზენტაცია გაიმართა კარაკასში.

პრეზენტაციაზე ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფო მეთაური გახსნილი ვინჩესტერის გვერდით პოზიორობდა, ამ ქვეყანაში მთავარი მაინერიც მე ვარო.

ემისიის მოცულობა 100 მლნ იქნებაო, ხოლო პეტროს ერთეულის ფასი და შემდგომში საბაზრო ფასი, საერთაშორისო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასის ექვივალენტი იქნებაო (დღეს:~ 63 დოლარი). 

ვენესუელა გაეროს წევრი სუვერენული სახელმწიფოა, მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ მის მიერ გამოშვებული კრიპტო-ვალუტა განვიხილოთ რაციონალურ ფულად ან საერთოდ ფინანსურ აქტივად?

რა თქმა უნდა, - არა. პეტრო სხვა არაფერია, თუ არა ნავთობის ტალონი, რომლის გამოშვებით საერთაშორისო სანქციებით იზოლაციაში მოქცეული ვენესუელა ცდილობს სავალუტო ნაკადების გენერირებას.

გარდა იმისა, რომ მადურამ პირდაპირ თქვა 6 მლრდ დოლარი სასწრაფოდ მჭირდებაო, არ დააკონკრეტა, თუ ნავთობის ქვოტირებას რომელი პლატფორმიდან აიღებს ხოლმე. 

ნავთობის ბარელის ფასში საერთაშორისო პლატფორმებს შორის 3-4 დოლარი მაინც ყოველთვის არის განსხვავება - ესეც, ჯიბის ხურდა... 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვით პეტროს აფიორაში თუ მთავარს - არა, წამყვან როლს ასრულებს რუსეთის ფედერაცია - აგრეთვე, საერთაშორისო სანქციებით იზოლაციაში მოქცეული გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი-სახელმწიფო.

მიზეზი: პეტროს დატა-ცენტრი ცხელ ვენესუელაში კი არ არის, არამედ ცივ რუსეთში...

ე.ი. არითმეტიკულად რომ წარმოვიდგინოთ პეტროს წარმოების ფუნქცია output=f(input), ინპუტზე ხარჯებს გასწევს ვენესუელა, ხოლო აუტპუტიდან შემოსავალს მიიღებს რუსეთი.

ერთადერთი ინფო, რომელიც წრის შესაკრავად გვჭირდება, თუ სად იქნება პეტროდან შემოსავლებსა და ელ.ენერგიის ხარჯებს შორის გაქვითვის კალკულატორი, კარაკასში თუ კრემლში?", - წერს იაკობაშვილი.