მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ.
დღეს, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის შესახებ კანონპროექტის ინიცირების საკითხს იხილავს. პროექტის ავტორები არიან დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე.
ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება.
კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი, მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.
ჯამური ფინანსური შედეგი სარგებლის სახით იქნება წლიურად დაახლოებით 3 489 000 ლარი.
შეღავათს მიიღებენ ის ოჯახები, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლები იქნება 300 000-ის.
კანონპროექტის მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების გაცემის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა 2018 წლის 1 ივნისამდე.
მსგავსი კანონპროექტი მოქმედებს ევროპის უმეტეს და პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანაში.
დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივით, საკითხზე მუშაობა დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა, პროცესებს ქვეყნის მცირე ბიუჯეტი აფერხებდა. კანონპროექტი ფინანსური დახმარების გარდა, სხვა კომპონენტებსაც მოიცავს. მაგალითად, ინიციატივები სოციალურ სფეროში, განათლებისა და სპორტის მიმართულებით. პაკეტი კომუნალურ გადასახადებში დახმარებასაც ითვალისწინებს.
სტატუსი 2006 წელს გაუქმდა და ის ენიჭებოდა 7 და მეტშვილიან ოჯახებს. ახალი კანონმდებლობით კი, მრავალშვილიანის სტატუსი 4 და მეტშვილიან ოჯახებს ექნებათ.