ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკის წარმატება გადის საშუალო და მცირე ბიზნესზე. აშშ-ში, რომელიც მსოფლიოს გიგანტი კომპანიების სამშობლოა, ეკონომიკის ნახევარზე მეტს მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის.
არ მინდა არანაირად დავაკნინო მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უფრო საფუძვლიანი ცვლილებები ჭირდება“, - ამის შესახებ ეკონომისტმა ვაჟა ბერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება და ნებისმიერი ნაბიჯი ამ სფეროს განვითარებისთვის მისასალმებელია. მთავრობა ბიზნესს უადვილებს საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობას, უმცირებს საგადასახადო წნეხს და უმარტივებს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დროულად დაბრუნებას, ეს ცვლილებები, ბუნებრივია, დადებითად აისახება მცირე ბიზნესზე“ - ამბობს ბერიძე.
თუმცა მისივე განცხადებით, იმას, რასაც მთავრობა აკეთებს, არასაკმარისია.
„არ მინდა არანაირად დავაკნინო მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები, მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, უფრო საფუძვლიანი ცვლილებები ჭირდება, რაც მთავრობას ასახული აქვს 4 პუნქტიან გეგმაში, მაგრამ მოკლე დროში შედეგის მიღება ვერ მოხერხდება“, - აცხადებს ეკონომისტი.
ვაჟა ბერიძის პოზიციით, ფინანსებზე წვდომა და კვალიფიციური სამუშაო ძალა, ეს არის ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა მოუგვარებლად ეკონომიკის განვითარებაზე არც უნდა ვიოცნებოთ.
„ფინანსებზე წვდომა და კვალიფიციური სამუშაო ძალა, ეს არის ის ფუნდამენტური პრობლემები, რომელთა მოუგვარებლად ეკონომიკის განვითარებაზე არც უნდა ვიოცნებოთ... ქვეყანაში ბანკების გარდა პრაქტიკულად, არ არსებობს ფინანსების გადამანაწილებელი სტრუქტურა, ამ მიმართულებით ყველაზე მეტი სიმწვავე გვაქვს, თუმცა გამოსწორების მცდელობა ყველაზე ნაკლები.
ზოგადად, მიმაჩნია, რომ გადასახადების საკითხს გადაჭარბებულად ვაფასებთ. მხოლოდ დაბალი გადასახადები და მარტივი კოდექსი არ არის ეკონომიკური წარმატების გასაღები, ვინც ასე ფიქრობს, ის აკნინებს ეკონომიკას, როგორც მეცნიერებას. გადასახადები მნიშვნელოვანია მხოლოდ და მხოლოდ სხვა კომპონენტებთან ერთობლიობაში. მერწმუნეთ, სულ რომ გავანულოთ ყველა გადასახადი და არ მივხედოთ ფინანსებზე წვდომის პრობლემას და განათლებას, ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არ შეიცვლება. თუ ადამიანს არ აქვს ბიზნესის კეთების უნარები და არ აქვს ფულზე წვდომა, გადასახადის შემცირება მისთვის რა შეღავათია“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ბერიძემ.