„სითი პარკი“ 500 ლარით დაჯარიმდა

კომპანია „სითი პარკი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ 500 ლარით დაჯარიმდა.

აღნიშნული შესახებ ინფრომაცია, ინსპექტორის აპარატის 2017 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია მითითებული, 2017 წლის ბოლომდე კომპანიის ვებ-გვერდზე www.ct-park.ge-ზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისთვის საინტერესო ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის მიღება მხოლოდ სახელმწიფო სანომრე ნიშნის მითითების გზით შეეძლო. მათ შორის, ხელმისაწვდომი იყო მონაცემები ჯარიმისა და სამართალდარღვევის დაფიქსირების ადგილმდებარეობის შესახებ.

„2017 წელს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მომართა მოქალაქემ, რომელიც ვებ-გვერდიდან მისი დაჯარიმების შესახებ ინფორმაციის წაშლას ითხოვდა. განმცხადებლის მოსაზრებით, კომპანიას საკუთარ ვებ-გვერდზე სატრანსპორტო საშუალების მფლობელების დაჯარიმების თაობაზე ინფორმაცია იმგვარად ჰქონდა გამოქვეყნებული, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირი მარტივად დაადგენდა მის სხვა პერსონალურ მონაცემებსაც, მათ შორის, სავარაუდო საცხოვრებლისა და სამუშაო ადგილის მისამართებს.

საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „სითი პარკის“ ვებ-გვერდზე ათასობით პირის შესახებ მოცულობითი ინფორმაცია, კერძოდ: საჯარიმო ქვითრისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ამსახველი ფოტო-მასალა, სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, საჯარიმო ქვითრის სტატუსი, სამართალდარღვევის სახე და სხვა ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი ფორმით და განუსაზღვრელი ვადით იყო განთავსებული.

ამასთან, აღნიშნული ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობა ჰქონდა ყველა დაინტერესებულ პირს, რომელმაც სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშანი იცოდა,“-ვკითხულობთ ანგარიშში.

ამასთან, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის ცნობით, კომპანია დაჯარიმდა მონაცემთა დამუშავების კანონით დადგენილი პრინციპების დარღვევისთვის. საჯარიმო სანქციამ კი 500 ლარი შეადგინა.