ილონ მასკმა ვაშინგტონში ჰაიპერლუპისთვის გვირაბის გაყვანის უფლება მიიღო

„ლოს ანჯელეს თაიმსის“ ცნობით, ილონ მასკის კომპანია „ბორინგ კომპანიმ“, ვაშინგტონის ოლქში სატრანსპორტო სისტემა „ჰაიპერლუპისთვის“ გვირაბის გათხრისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების უფლება მოიპოვა.

სამუშაოები ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებლების შენობის სიახლოვეს არსებული ყოფილი ავტოსადგომის ტერიტორიაზე განხორციელდება, რომელიც ვაშინგტონის კოლუმბიის ოლქში მდებარეობს.

ეს არ ნიშნავს, რომ „ბორინგ კომპანი“ გვირაბის თხრას დაუყოვნებლივ შეუდგება. ამ ეტაპზე, ვაშინგტონის ოლქის ტრანსპორტის დეპარტამენტს სურს დაადგინოს, რისი უფლებების მიცემაა შესაძლებელი „ბორინგ კომპანისთვის“ იმისათვის, რომ მან ქალაქის შენობათა და საზოგადოებრივი ადგილების ქვეშ, უსაფრთხო თხრა განახორციელოს.

ცნობისათვის, მასკი ირწმუნება, რომ შარშან ნიუ იორკის, ფილადელფიას, ბალტიმორის და ვაშინგტონის დამაკავშირებელი „ჰაიპერლუპის“ აგებაზე სიტყვიერი უფლება მოიპოვა. მასკის თქმით, ვაშინგტონში გვირაბის თხრის მოსამზადებელი სამუშაო, დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილია.

„ჩვენ ვიწყებთ. მერის ოფისში გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რა არის ჰაიპერლუპი. ჩვენ გვაქვს ხედვა იმისა, თუ როგორ შეიძლება რეგიონში ადამიანების სწრაფად და ეფექტურად გადაყვანა“, - ამბობს კოლამბიის ოლქის მერ მურიელ ბოუსერის შტაბის უფროსი ჯონ ფალჩიკიო.

პროექტ „ჰაიპერლუპის“ განხორციელებაზე, მასკს მხარს თეთრი სახლის „ამერიკის ინოვაციების“ ოფისი და მერილენდის გუბერნატორი ლარი ჰოგანი უჭერენ. მასკი ამერიკის ტერიტორიაზე გვირაბების ქსელის შექმნას აპირებს, რომლებშიც „ჰაიპერლუპისთვის“ საჭირო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სატრანსპორტო ვაკუუმის მილები განლაგდება. ამ მილებით ადამიანები თითქმის იმ სიჩქარით (970 კმ/სთ-მდე) იმგზავრებენ, რა სიჩქარითაც თვითმფრინავები დაფრინავენ.