საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე წლის თებერვალში 8 საჯარო სხდომა გამართა და 119 სადავო საკითხზე იმსჯელა.
სემეკის ინფორმაციით, სხდომაზე განსახილველი საკითხების უმეტესობა შეეხებოდა ფიზიკურ, იურიდიულ პირებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომპანიებს შორის არსებულ დავებს.
სხდომებზე საკითხები წარმოადგინეს კომისიის მოქალაქეთა საჩივრების დეპარტამენტმა და ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.
მოქალაქეთა საჩივრები მოიცავდა ხანდაზმულ დავალიანებებს, კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, მრიცხველის საფასურს, კომპანიის დადგენილებებს აბონენტთა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე. კომისიის გადაწყვეტილებებით ჩამოწერილი თანხების ოდენობამ 52 975 ლარი შეადგინა.
კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ცხელ ხაზზე 16 216, ასევე კომისიის Facebook გვერდზეც.