შვედეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანაა, სადაც ნაღდი ფული პრაქტიკულად, მიმოქცევიდან ამოღებულია.
Bloomberg-ის ინფორმაციით, იქ ნაღდ ფულს სულ უფრო ნაკლები გამოყენება აქვს, ანგარიშსწორება მეტწილად პლასტიკური ბარათებით და მობილურით ხდება. ეს კი ადგილობრივ ხელისუფლებას სულ უფრო მეტად აფიქრებს.
შვედეთის ცენტრალური ბანკი ამზადებს მოხსენებას, რომელშიც ნაღდი ფულის გამოყენების შეზღუდვა და ამის შესაძლო შედეგები იქნება შეფასებული. ბანკის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, ნაღდ ფულზე უარის თქმის პროცესის დაჩქარებას უარყოფითი მხარეც აქვს, რაც იმაში გამოიხატება, რომ ასე ძნელი იქნება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მხარდაჭერა.
ცნობისათვის, შვედეთის ბანკების დიდი ნაწილი, ნაღდი ფულით უკვე აღარ მუშაობს. რესტორნებში, მუზეუმებში და სხვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში კი უკვე პლასტიკურ ბარათებზე და სმარტფონებით გადახდებზე არიან გადასული. ეს ხდება იმ დროს, როცა ქვეყნის ბევრ მცხოვრებელს ჯერაც არ მიუწვდება ხელი ციფრულ ტექნოლოგიებზე. პირველ რიგში, ასეთ კატეგორიას ხნიერი მოსახლეობა მიეკუთვნება.
შვედეთში ქაღალდის ფულის და მონეტების გამოყენების პიკი 2007 წელს დაფიქსირდა. შარშან კი პირიქით - ტრადიციული ფულის გამოყენება, 1990 წლის მინიმუმამდე დავიდა. ნაღდი ფულის გამოყენების კლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2016 და 2017 წლებში იყო.
„ინსაით ინტელიჯენსის“ მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ შარშან შვედების მხოლოდ 25 პროცენტი, კვირაში მინიმუმ ერთხელ, ნაღდ ფულს იხდიდა. ოთხი წლის წინათ შესაბამისი მაჩვენებელი 63 პროცენტი იყო. იმავე ანგარიშის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის 36 პროცენტი საერთოდ აღარ იყენებს ნაღდ ფულს.
ცენტრალური ბანკი ასევე განიხილავს ციფრული ვალუტის, ელექტრონული კრონის აუცილებლობის საკითხს. ოღონდ, ამ ეტაპზე საკითხი შესწავლის ფაზაშია. წამოყენებული იდეით, ელექტრონული კრონა ნაღდი ფულის დანამატი გახდება და მას არ ჩაანაცვლებს. გარდა ამისა, შვედეთის ცენტრალურ ბანკს სურს, კომერციული ბანკები დაავალდებულოს, რომ კლიენტებისთვის ნაღდი ფულის გაცემა განაახლონ.
შვედეთის მსგავსად, ნაღდი ფული პოპულარობას გერმანიაშიც კარგავს. უფრო მეტიც, ბუნდესბანკის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ევროპის წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, ის გადახდის ძირითადი საშუალება აღარაა. დაახლოებით 2 ათასი ადამიანის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება ბარათებით გადახდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ შარშან გერმანიაში ნაღდი ანგარიშით ტრანზაქციებზე 47 პროცენტი მოდიოდა. ეს მაშინ, როცა ოთხი წლის წინათ, ეს მაჩვენებელი 53.2 პროცენტის დონეზე იყო. შარშან ბარათებზე ბაზრის 39.4 პროცენტი მოდიოდა. გერმანიის მსგავსად, ანალოგიური ტენდენცია დიდ ბრიტანეთშიც შეინიშნება.