"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს"

"საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხრივ არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზოში განაცხადა, სადაც ის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიშს წარადგენს.

მისი თქმით, დაიწყო მუშაობა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებაზე, რათა უახლოეს მომავალში კომფორტული და შესაბამისად, პრიორიტეტული გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

„ძალიან მძიმე მდგომარეობაშია არსებული ყვითელი ავტობუსები, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ასევე, მგზავრებისთვის არის არაკომფორტული. ჩვენ ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობები და წელს დედაქალაქს ეყოლება 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსები“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება მეტროს, კალაძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან და რკინიგზასთან ერთად, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს „შტადლერთან“, რათა ამ კომპანიის მეტროს და სარკინიგზო ვაგონების წარმოება/აწყობა მოხდეს საქართველოში.

თბილისის მერის თქმით, ასევე პრიორიტეტული გახდება ქვეითთა გადაადგილება. ამისათვის უახლოეს მომავალში ყველგან განახლდება და დაემატება ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება შუქნიშნები და ლედ განათება.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, ტაქსების მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, შეიმუშავა ახალი რეგულაციები, რაც პირველ ეტაპზე ტაქსების სავალდებულო რეგისტრაციას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რეგისტრაცია უფასო იქნება ელექტრომანქანებისთვის, ხოლო განახევრებული ფასით ისარგებლებენ ჰიბრიდული ავტომანქანების მფლობელები.