თებერვალი, ისევე როგორც იანვარი, საკმაოდ თბილი იყო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.
1960 წლიდან დაწყებული ეს იყო რიგით მე-6 ყველაზე თბილი თებერვალი ქვეყნისთვის 1966, 1977 , 2009, 2016, და 2013 წლების შემდეგ.
მიწისპირა ატმოსფერული ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურის გადახრამ მრავალწლიური ნორმიდან, საშუალოდ, +3, +4°C შეადგინა. თებერვლის საშუალო ტემპერატურა შავი ზღვის სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე +8, +10°C, აღმოსავლეთ საქართველოს ვაკე ტერიტორიაზე +3, +6°C, ხოლო მთაში და მაღალ მთაში -1, +5°C-ის ფარგლებში აღინიშნა.
ნორმასთან შედარებით ტემპერატურის ყველაზე მაღალი დადებითი გადახრები (+4, +6°C) სამხრეთ საქართველოს მთიანეთსა და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში დაიკვირვებოდა.
ჰაერის ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმები, ძირითადად, თვის მესამე დეკადაში დაფიქსირდა და ყველაზე მაღალ მაჩვენებლებს +21, +23°C-ს კოლხეთის დაბლობზე მიაღწია. თებერვლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურები, თვის პირველ რიცხვებში აღინიშნა და სამხრეთ საქართველოს მთიანეთის ტერიტორიაზე, ასევე, ზემო სვანეთში აბს. მინიმუმები -13, -16°C-მდე დაეცა. ნალექების რაოდენობის მიხედვით, თებერვლის თვე ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე საკმაოდ მშრალი იყო. შედარებით ნალექიანი იყო სამცხე-ჯავახეთის რეგიონი, სადაც ნალექების თვის ჯამები ნორმალურ მნიშვნელობებს დაახლოებით 30%-ით აღემატებოდა. ნალექების თვის მაქსიმალური რაოდენობა (70-100 მმ), ჩვეულებრივ, შავი ზღვის სანაპირო ზოლსა კოლხეთის დაბლობზე მოვიდა, ხოლო ყველაზე მშრალი პირობები (0-10 მმ) ქვემო ქართლის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა.