დაგროვებითი საპენსიო სისტემა მსოფლიოს მრავალ სახელმწიფოში მოქმედებს.
ზოგან ამ სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა, მაგრამ პენსიონერები სახელმწიფო პენსიასაც იღებენ. ეს ქვეყნებია: ავსტრალია, დანია, ესტონეთი, ისლანდია, პოლონეთი, შვედეთი, შვეიცარია და სხვა. ზოგიერთ სახელმწიფოში კი, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია, მათ შორის, იტალიაში, ახალ ზელანდიასა და დიდ ბრიტანეთში. ევროპასა და აშშ-ში დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოსახლეობის დაახლოებით 80% მონაწილეობს, აზიაში - 40%, ხოლო აფრიკის ქვეყნებში - მხოლოდ 5%. თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი - ვახტანგ ჭარაია იმ ქვეყნებზე გვესაუბრება, სადაც წარმატებული საპენსიო სისტემა შექმნეს:
ლატვია
ლატვიაში სამდონიანი საპენსიო სისტემა მოქმედებს. პირველ დონედ მოიაზრება სახელმწიფო საპენსიო სქემა, რომელშიც ყველა მოქალაქე მონაწილეობს. ეს სქემა „თაობათა სოლიდარობის“ პრინციპზეა დაფუძნებული: დასაქმებულ ლატვიელებს ხელფასიდან 20%-ს უქვითავენ პენსიონერების შესანახად. ამ 20%-დან 4% დაგროვებით პენსიაზე მიდის, რომელიც მეორე დონედ მოიაზრება, ხოლო 16% რჩება პირველი დონის პენსიისთვის. პენსიის ოდენობა ხელფასზე და საპენსიო შენატანებზეა დამოკიდებული. დასაქმებულის სოციალური შენატანი კომერციულ ბანკს გადაეცემა, ოღონდ, ეს სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ ხდება. პირს შეუძლია თვალი მიადევნოს თავისი ფულის ბრუნვას და მისი მოგებაც, რა თქმა უნდა, მისივე საპენსიო ფონდში ირიცხება. ამ სქემის გამოყენებისას, პრაქტიკულად, შეუძლებელია თანხის დაკარგვა, რადგან ლატვიელებს გარანტიას სახელმწიფო აძლევს. დაგროვებითი პენსიის სქემა ლატვიამ 2001 წელს შემოიღო. მესამე დონის პენსია გაიცემა კერძო, ნებაყოფლობითი ფულადი დანაზოგების მიხედვით, რომელიც მოქალაქეებს შეუძლიათ ჩარიცხონ როგორც ლატვიის ბანკებში, ასევე უცხოეთის ნებისმიერ კომერციულ ბანკში.კანადა
კანადაში საპენსიო სისტემა სამი დამოუკიდებელი ნაწილისაგან შედგება: ეს არის ხანდაზმულობის პენსია, დაგროვებითი პენსია და პენსია, რომელსაც სპეციალური ფონდები გასცემენ. დაგროვებითი პენსიას კანადელები 65 წლის ასაკიდან იღებენ. მისი რაოდენობა ფონდში შეტანილ გადარიცხვებსა და ხელფასზეა დამოკიდებული. კანონის თანახმად, თითოეული კანადელი ვალდებულია 18 წლის ასაკიდან გადარიცხოს თანხა საპენსიო ფონდში თავისი შემოსავლიდან. თუ ადამიანი დაქირავებულ სამუშაოზე მუშაობს, მაშინ მისი ხელფასიდან თანხა ავტომატურად ირიცხება ამ ფონდის ანგარიშზე. ამასთან, მისი დამქირავებელიც იხდის თანხის ნახევარს. თუ პიროვნება არ მუშაობს, მაშინ ამ ტიპის (დაგროვებით) პენსიას ვერ მიიღებს.ესტონეთი
ესტონეთში საპენსიო სისტემა სამი სახეობისაა: სახელმწიფო, დაგროვებითი და დამატებით დაგროვებითი. დაგროვებითი პენსია სახელმწიფო პენსიის მთავარი დამხმარე საშუალებაა, რომელიც პენსიონერებისთვის დამატებით შემოსავალს უზრუნველყოფს. დაგროვებითი პენსიის მისაღებად პირი საპენსიო ფონდში თავისი დაუბეგრავი ხელფასიდან 2%-ს რიცხავს. თავის მხრივ, სახელმწიფოს ამ პირის ანგარიშზე შეაქვს 4% იმ სოციალური ბეგარიდან, რომელსაც მისი დამსაქმებელი იხდის. მთლიანად, დასაქმებულის ხელფასიდან საპენსიო ბეგარა 20%-ის ოდენობისაა. დაგროვებითი პენსია ნებაყოფლობითია 1983 წლამდე დაბადებული ესტონელებისთვის. 1983 წელს და შემდგომ დაბადებული მოქალაქეებისთვის დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობა სავალდებულოა. სახელმწიფო და დაგროვებითი პენსია ერთად, ესტონელთა პენსიამდელი შემოსავლის 50%-ს უტოლდება, მაგრამ, სასიცოცხლო სტანდარტებისთვის საჭიროა, რომ პენსია ადრინდელი შემოსავლის 65-70% მაინც იყოს. ამისათვის ესტონეთში მოქმედებს დამატებითი დაგროვებითი პენსია. ხელშეკრულება დამატებით დაგროვებით პენსიაზე პირმა შეიძლება გააფორმოს საპენსიო დაზღვევის ფორმით, საპენსიო ფონდების ფასიანი ქაღალდების შეძენით და ა.შ. ამ სახეობის პენსიის დაგროვების შემთხვევაში პენსიონერი სამი პროდუქტით სარგებლობს: საპენსიო დაზღვევა გარანტირებული პროცენტით; საპენსიო დაზღვევა საინვესტიციო რისკით და საპენსიო ფონდით.აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი
მსოფლიოს ყველაზე მოწინავე ქვეყნები კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ პენსიით თავისი მოქალაქეები. აშშ-ში დაქირავებული პერსონალი საპენსიო ფონდში ხელფასის 7,5 %-ს იხდის, ამდენივეს იხდის დამქირავებელიც. ხოლო არადაქირავებული პირები - ბიზნესმენები, ადვოკატები, მხატვრები და სხვები, საპენსიო ფონდში თავიანთი ხელფასის 15 %-ს რიცხავენ. ამერიკელებზე არანაკლებ წარმატებული საპენსიო სისტემა აქვთ ინგლისელებსაც: დიდ ბრიტანეთში დასაქმებული პირი სპეციალურ ფონდში ხელფასის 10%-ს იხდის, ხოლო დამსაქმებელი - 3-დან 10,2%-ს ამატებს. საშუალო პენსია ამ ქვეყანაში ხელფასის 50%-ს აღწევს.საფრანგეთი და გერმანია
საფრანგეთში საპენსიო ფონდში მოქალაქეთა შემოსავლის 16,35% შედის. ამ ქვეყანაში დასაქმებული და დამსაქმებელი თანხას თანაბრად იხდიან. პენსიის ოდენობა საფრანგეთშიც ხელფასის 50 %-ს აღწევს. ფრანგები საპენსიო თანხას ბოლო 11 წლის სამუშაო სტაჟის მიხედვით ანგარიშობენ. იქ მინიმალური პენსია წელიწადში 6 ათასი ევროა, ხოლო მაქსიმალური - 12 ათასი ევრო. საკმაოდ ეფექტიანი და გამართულის საპენსიო სისტემა აქვთ გერმანიაშიც: იქ დასაქმებული და დამსაქმებელი საპენსიო ფონდში სანახევროდ იხდიან 20,3%-ს მოქალაქის ხელფასიდან. გერმანიაში პენსიის რაოდენობა ხელფასის 70%-ს აღწევს.იაპონია
იაპონიაში - მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოში - პენსია ორი ნაწილისგან შედგება - საბაზისო, რომელსაც საპენსიო ასაკს მიტანებულ პირებს გარანტირებულად უხდის სახელმწიფო და - შრომითი პენსია. ეს უკანასკნელი ყალიბდება შენატანებისგან, რომელიც საპენსიო ფონდში თანაბრად შეაქვთ დამქირავებელსა და დაქირავებულს. საშუალო პენსიის ოდენობა იაპონიაში ხელფასის 60%-ს უტოლდება.ხათუნა ჩიგოგიძე