ბათუმში საავადმყოფოს მშენებლობა იწყება

ოფიციალური ინფორმაციით, საავადმყოფოს მშენებლობა 2014 წლის მეორე ნახევარში დაიწყება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, არჩილ ხაბაძე, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნუგზარ სურმანიძე და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, დავით ბალაძე დღეს ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

მთავრობის წევრები სამედიცინო პერსონალს შეხვდნენ და მათ რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

პროექტის პირველადი მონაცემებით, ახალი შენობა 160 საწოლიანი იქნება. პოლიკლინიკური ბლოკი ყოველდღიურად 800 ამბულატორიულ პაციენტზე იქნება გათვლილი. სამედიცინო დაწესებულება მრავალპროფილური იქნება და მას საუნივერსიტეტო კლინიკის ფუნქციაც მიენიჭება. მოემსახურება როგორც მოზრდილ მოსახლეობას, ასევე ბავშვებს. კლინიკა აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, აღიჭურვება უახლესი სამედიცინო აპარატურით.

პროექტი მომზადებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და მიმდინარეობს მისი ექსპერტიზა. მშენებლობის პირველ ეტაპს დააფინანსებს აჭარის მთავრობა, 2015 წლიდან პროცესში ჩაერთვება საქართველოს მთავრობა. მშენებლობა და აღჭურვა 24 თვის განმავლობაში დასრულდება.