კომპანია „ მაგთის“ აბონენტები შეღავათიანი პირობებით ვეღარ სარგებლობენ.
აღნიშნულის შესახებ, მეორე დღეა მომხმარებლები სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქტიურად წერენ. აღნიშნული ცვლილება ეხება კონსოლიდირებული სახელმწიფო ტენდერის პირობებით შესყიდული მომსახურებით მოსარგებლე აბონენტებს, ანუ იმ კორპორატიულ აბონენტებს, რომლებიც კორპორატიული მომსახურებით სარგებლბენ.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ამ აბონენტებისთვის წინა ტენდერის პირობებით გათვალისწინებული შეღავათიანი პირობების მიწოდების ვალდებულება „მაგთის“ ახალ, 2018 წლის თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენამდე ჰქონდა.
„კონსოლიდირებული ტენდერების სამსახური გაცნობებთ, რომ 2018-2019 წლების განმავლობაში ფიჭური სატელეფონო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში CON170000115 გამარჯვებული პრეტენდენტების გამოვლენამდე ისარგებლებთ მიმდინარე ტენდერით გათვალისწინებული ტარიფებითა და პირობებით. გთხოვთ, აღნიშნულის მიზნით მიმართოთ მიმწოდებლებს, ახალ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე მიმდინარე ხელშეკრულებების ვადის ურთიერთშეთანხმებით გადაწევის თაობაზე,“-ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.
თუმცა, 2018 წლის თებერვალში გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებნულები უკვე გამოვლინდნენ. კერძოდ, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, 2018-2019 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას ტენდერში მონაწილე 3-ვე კომპანია „მაგთი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ (შპს ვიონი საქართველო) გაუწევს. შესაბამისად, სწორედ ამან გამოიწვია, აბონენტებისთვის „მაგთის“ მიერ ძველი ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების შეწყვეტა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „ბიზნესპრესნიუსი“კომპანია „მაგთიკომსაც“ დაუკავშირდა, რომლის განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:
"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მითითებულია, რომ 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერის პირობები იმოქმედებდა ახალ ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენამდე. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები კი 2018 წლის 1 მარტს გამოვლიდნენ. ასევე, 1 მარტს გაუვიდა ვადა შემსყიდველ ორგანიზაციბთან გაფორმებულ ხელშეკრულებებს. შესაბამისად, 2018 წლის 2 მარტიდან შეწყდა წინა ტენდერის პირობებით მომსახურების მიწოდება და ახალი ტენდერის პირობებით გაგრძელდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომი“ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ხელშეკრულებებს აფორმებს სახელმწიფო ორგანიზაციებთან და არა ინდივიდუალურად, ორგანიზაციაში დასაქმებულ თანამშრომლებთან. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების გაცნობაზე/ინფორმირებაზე „მაგთიკომი“ პასუხისმგებელი ვერ იქნება. სახელმწიფო ორგანიზაციებში დასაქმებულებს ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა დამსაქმებელს ხელშეკრულების პირობების გაცნობა მოსთხოვონ ან თავად გაეცნონ საჯაროდ ატვირთულ დოკუმენტს".