საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიურ ღონისძიებებს აპრილიდან დაიწყებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა განაცხადა, მავნებელი გააქტიურებას მაშინ იწყებს, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსს აღწევს. მისივე განმარტებით, სწორედ ამ პერიოდში იგეგმება პრობლემური კერების გამოსავლენად ფერომონების განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით.
„აზიური ფაროსანას გამოსვლა იწყება მაშინ, როდესაც სადღეღამისო ტემპერატურა 15-17 გრადუსი და მეტია. ამ პერიოდისთვის, გვექნება საქართველოზე სრულიად დაკვირვება და როდესაც საჭიროდ იქნება მიჩნეული ჯგუფების შექმნა, მინდორში გასვლა და ხალხთან საუბარი, შეიქმნება მოხალისეთა ჯგუფები. ინტენსივობა მოიმატებს საჭიროების მიხედვით. ჯერჯერობით პიკი არ გვაქვს. როგორც კი გაჩნდება აზიურ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლაში დამატებითი კომპონენტის შეტანის აუცილებლობა, ამ რეკომენდაციებსაც გასცემს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტო. ჩვენ ამისთვის სრულიად საქართველოში განვათავსებთ ფერომონებს, რომელიც ამ მავნებლის მიმზიდველია, ის იჭერს მწერს. ყოველკვირეული მონიტორინგის საფუძველზე განვსაზღვრავთ იმ წერტილებს, როდის უნდა დავიწყოთ ფაროსანასთან ბრძოლა. წინა წელს განთავსებული იყო 21 ათასი ფერომონი, მიმდინარე წელს შეძენილია 100 ათასზე მეტი ფერომონი იმისთვის, რომ გამოვიკვლიოთ ყველაზე მეტად დაზიანებული კერები. ამავე ფერომონების მეშვეობით გვექნება საშუალება „მოიზიდე და მოკალის“ პრინციპი დავნერგოთ. შეიქმნება ადგილები, სადაც ფერომონების საშუალებით მოვიზიდავთ მავნებელს და მოხდება მათი ლიკვიდაცია წერტილოვანი დარტყმით, რათა არ მოხდეს მთლიანად ტყის მასივების, გარემოს შეწამვლა, რაც არ შეიძლება“, - განაცხადა ხანიშვილმა.
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ მავნებლის წინაღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ტექნიკური საშუალებები საკმარისი აქამდე არ ჰქონდა, თუმცა, წელს საჭირო ღონისძიებები რამდენიმე მიმართულებით გატარდება.
„როგორც იცით, წინა წლებში გაუქმებული იყო სურსათის უვნებლობის სამსახური. 2012 წლიდან, როდესაც სამსახურის აღდგენა დავიწყეთ, სულ 12 ერთეული მანქანა იყო. მიმდინარე წელს, სატრანსპორტო საშუალებების ჯამური ოდენობა, ტრაქტორები, სპეცტექნიკა, დაახლოებით, 160 ერთეული იქნება. ტექნიკის შეძენაზე გათვალისწინებულია, დაახლოებით, 20 მილიონი ლარი. წამალზე, რომელიც უკვე შეძენილია, 15 მლნ 850 ათასი ლარი დაიხარჯა. დაახლოებით, 15 მლნ ლარია დარჩენილი, რაც საჭიროა ადმინისტრირებისთვის, საწვავის შესაძენად, საზოგადოებისთვის ურთიერთობისა და ინფორმირებისთვის. აქედან 1,5 მლნ ლარი მეცნიერების დაფინანსებაზე გამოიყო. როგორც იცით, ანასეულის ბაზაზე ლაბორატორიას ვქმნით, რომელიც იმუშავებს როგორც ბუნებრივი მავნებლების შესწავლაზე, ასევე, პრეპარატების შექმნაზე. ჯამურად, ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წელს გასატარებელი ღონისძიებების დაფინანსება თითქმის 50 მლნ ლარს აღწევს“, - განაცხადა ხანიშვილმა.