მიმდინარე წელს ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო 1 287 საჯარიმო ქვითარი გამოიწერა. საუბარია, 1-ლი იანვრიდან 19 თებერვლის პერიოდზე.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, „ბიზნესპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს. მათივე ცნობით, გასული წლის განმავლობაში ინსპექტირების გაუვლელობის გამო ჯამში, 15 821 საჯარიმო ქვითარი იყო გამოწერილი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1-ლი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ამოქმედდა. თუმცა, რეფორმა მხოლოდ 8-ზე მეტ ადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონის ზემოთ სატვირთო ავტომობილებს ეხება, რომელთაც ინსპექტირების ვალდებულება აქამდეც ჰქონდათ. საუბარია, დაახლოებით, 187 ათას სატრანსპორტო საშუალებაზე.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ კონკრეტულად რამდენი სატვირთო და სამგზავრო ავტომობილი დაჯარიმდა ინსპექტირების გაუვლელობისთვის, თუმცა, როგორც შს სამინისტროდან გვაცნობეს, „სამართალდარღვევების დიფერენცირება სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით (სატვირთო, სამგზავრო) შეუძლებელია“.
რაც შეეხება საჯარიმო საქნციებს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება – მძღოლის 50 ლარით; ხოლო ასეთი სატრანსპორტო საშუალების სხვისთვის გადაცემა კი ფიზიკური პირის - 50 ლარით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის კი 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
ცნობისთვის, ტექნიკური ინსპექტირება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებს ეტაპობრივად შეეხება, მთელი ავტოპარკი კი ინსპექტირებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში - 2019 წლის ბოლომდე გაივლის.