ავტოგასამართი სადგურის, ბაზრობის და სასტუმროს მფლობელები მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის არქონის შემთხვევაში დაჯარიმდებიან.
ამის შესახებ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა კონსტანტინე სულამანიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი მომზადებულია და მისი ამოქმედება 1 მაისიდან იგეგმება. შესაბამისად, ავტოგასამართი სადგურის, ბაზრობის და სასტუმროს მფლობელები, რომელთაც პოლისი არ ექნებათ ნაყიდი პირველ ჯერზე 1 000 ლარით, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე 5 ათასი ლარით დაჯარიმდებიან,“-აღნიშნა სულამანიძემ.
მისივე თქმით, სავალდებულო დაზღვევის ვალდებულება დღეიდან, 1-ლი მარტიდან 220-მდე ბაზრობას, 120 სასტუმროსა და 1950 ავტოგასამართ სადგურს გაუჩნდა. ამასთან, როგორც სულამანიძემ აღნიშნა, აქამდე სადგურების დაახლოებით, 30% და სასტუმროების 50% იყო მოცული, რაც შეეხება ბაზრობებზე იქ ეს მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.
შეგახსენებთ, რომ ავტოგასამართი სადგურის, ბაზრობის, სასტუმროს მფლობელები 1-ლი მარტიდან გახდნენ ვალდებულნი, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შეიძინონ.
აღსანიშნავია, რომ მესამე პირად იგულისხმება მათ შორის ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი.