ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის თანამდებობის პირები აღარ დაჯარიმდებიან

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მთელი რიგი ცდომილებები შესაძლოა არაარსებით დარღვევად ჩაითვალოს, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, თანამდებობის პირის დაჯარიმების ნაცვლად, მისი გაფრთხილება მოხდება.

ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში “არაარსებითი დარღვევის“ დეფინიცია “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით შემოდის, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა 2017 წლის თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის პროცესში გამოვლენილი სირთულეები და ის დარღვევები, რომლებიც თავისი შინაარსით არაარსებით ხასიათს ატარებს, მაგრამ დისკრეციის არარსებობის პირობებში, ასეთი დარღვევებიც დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების ასახვად მიიჩნევა და დეკლარაციის უარყოფითად შეფასებას იწვევს.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას შემდეგი ცდომილებების არსებობის შემთხვევაში იღებს:

1. საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შემთხვევაში დეკლარაციაში საცხოვრებელი ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 40 კვ.მ.-ს; არასაცხოვრებელი ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ.მ-ს; არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 10%-ს მაგრამ არაუმეტეს 100 კვ.მ.-ს; სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის ფართის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართის 20%-ს მაგრამ არაუმეტეს 500 კვ.მ.-ს; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის სხვა წევრის საკუთრებად ან/და თავად თანამდებობის პირი არის მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომელის მესაკუთრეც თანამდებობის პირის ოჯახის წევრია, ასევე არასწორად არის მითითებული ინფორმაცია თანამესაკუთრესთან დაკავშირებით.

2. საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიშის ან/და შენატანის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილება ფიქსირდება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით (დადებითი თუ უარყოფითი ბალანსი); არ არის დეკლარირებული საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში იგი არამოქმედია და მასზე ბრუნვა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა მაგრამ არაუმეტეს 100 ლარისა.

3. საქართველოში ან სხვა ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში არ არის ასახული საწარმო, რომელშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი მონაწილეობს პირდაპირ ან/და არაპირდაპირ და რომელიც არ ფუნქციონირებს დეკლარაციის შევსების თარიღამდე 5 ან მეტი წელი.

4. საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ შესრულებული ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შემთხვევაში დეკლარაციაში დაფიქსირებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილება არის არაუმეტეს 500 ლარისა.

5. საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების შემთხვევაში ხელშეკრულების მატერიალური შედეგი აღმოჩენილი ცდომილება მატერიალური შედეგის დაანგარიშებაში არ აღემატება 1000 ლარს.

ამასთან, ინიცირებული პროექტი ითვალისწინებს, რომ არაარსებითი დარღვევის მომდევნო მონიტორინგის პროცესში გამოვლენის შემთხვევაში თანამდებობის პირის დეკლარაცია შეფასდება უარყოფითად და პირი დაჯარიმებას დაექვემდებარება.