თბილისში, პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციისთვის საპროექტო სამუშაოების შესასრულებლად სამ ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები გაფორმდა.
კერძოდ, კონკურსის წესით გამოვლენილ ა(ა)იპ „ინკლუზიური ტურიზმის ცენტრი-პარსასთან“ საქართველოს პარლამენტის აპარტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ორგანიზაციამ თბილისში, რუსთაველის გამზირის 8-ში მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლის შშმ პირებისთვის გარემოს მისაწვდომობის გაზრდის მიზნით ჩასატარებელი სამუშაოების სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შეადგინოს.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის შენობის გარემოს შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გათვალისწინებულია ნავიგაციის სისტემის მოწყობა, ტაქტილური ბილიკების დამონტაჟება (სასახლეში შემოსასვლელებიდან ლიფტებამდე), ტაქტილური რუკების განთავსება, კიბეების ანტისლიპებითა და ორმხრივი, ორდონიანი მოაჯირებით აღჭურვა, არსებული პანდუსების კეთილმოწყობა და ახლების დამატება, სტაციონარული ამწე-ლიფტებისა და მობილური ამწე-პლატფორმების რაოდენობათა განსაზღვრა და მოწყობა, სასახლეში შემოსასვლელი კარების ადაპტაცია, არსებული წარწერების მოწესრიგება და ბრაილის შრიფტით შესრულებული წარწერების განთავსება, საკომიტეტო მოსმენათა დარბაზების ადაპტაცია, შესაძლებლობის ფარგლებში სანიტარიული კვანძების ადაპტაცია და სხვა საკითხების მოგვარება.
ამასთან, პარლამენტის აპარატის მიერ კონკურსის წესით გამოვლენილ შპს „ად-სტუდიოსთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის სასახლის „A“ კორპუსის მე-3 სართულის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტირების მიზნით რეკონსტრუქციის ჩატარების არქიტექტურული კონცეფცია და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
დოკუმენტაციის თანახმად, არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებისას შენარჩუნებული უნდა იყოს სართულის მონუმენტურ-კლასიკური სტილი.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად მიღებული შეხვედრების დარბაზებიდან ერთი, რუსთაველის გამზირის ფასადზე გამავალი დარბაზი უნდა დაპროექტდეს სხვადასხვა რაოდენობის მონაწილეთათვის კონფერენციების, სემინარების, ტრეინინგების, პრეზენტაციებისა და მსგავსი შინაარსის ღონისძიებების ჩატარების, ასევე უმაღლესი რანგის ოფიციალური პირების შეხვედრის ადგილის მოწყობის შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ამასთან, მეორე - 9 აპრილის ქუჩის ფასადზე გამავალი დიდი დარბაზი უნდა დაპროექტდეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოფიციალური მიღებების, შეხვედრების, სხდომების და მსგავსი შინაარსის ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობების გათვალისწინებით.
ბაგრატოვანთა სახელობის დარბაზი და მიმდებარე ოთახები უნდა დაპროექტდეს მაღალი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პირის სამუშაო და მოსასვენებელი (ინდივიდუალური სანკვანძით) ოთახების სახით, არსებული მხატვრული მოხატულობის ხელშეუხებლობლად შენარჩუნების გათვალისწინებით.
სართულზე არსებული სხვა ოთახებში და სივრცეებში უნდა დაპროექტდეს ოფიციალური პირების პირისპირ შეხვედრების ადგილი, მიღებებისას არაფორმალური შეხვედრების ადგილი და დარბაზების მომსახურებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის (კეიტერინგი, ტექნიკური მომსახურებისა და დაცვის ოთახები, საწყობები და სხვა) შესაბამისი ოთახები.
დოკუმეტაციის მიხედვით, დარბაზები და შეხვედრების ადგილები უნდა აღიჭურვოს თანამედროვე მობილური ტრანსფორმირებადი კლასიკური სტილის ავეჯით, შეხვედრების ადგილების გაფორმებისათვის საჭირო აქსესუარებით, გახმოვანების, აუდიო და ვიდეოსისტემებით. სართულზე არსებული ინდივიდუალური სანკვანძის ნაცვლად უნდა მოეწყოს უნივერსალური ადაპტირებული სანიტარიული კვანძი, ხოლო არსებული საერთო სარგებლობის სანკვანძის ნაცვლად ქალთა საერთო სარგებლობისა და მამაკაცთა საერთო სარგებლობის სანკვანძები. დარბაზებისა და სხვა სივრცეების დაგეგმარების პრინციპი და შინაარსი უნდა აკმაყოფილებდეს დასახულ მიზნებს (ისინი მოსახერხებელი უნდა იყოს ექსპლოატაციისა და მუშაობისთვის).
რეკონსტრუქციის პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სივრცის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტაცია. წყალმომარაგება- კანალიზაციისა და გათბობა-კონდიცირების სისტემების დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ადგილობრივი ცენტრალური სისტემები. უკანა კიბის უჯრედში არსებულ სალიფტე შახტაში უნდა დაპროექტდეს შახტის ზომების შესაბამისი თანამედროვე ლიფტი (ძველის დემონტაჟის გათვალისწინებით).
გარდა ამისა, კიდევ ერთი ხელშეკრულება საქართველოს პარლამენტის აპარატმა შპს „ლაინკუბთან“ გააფორმა, რომლის თანახმადაც, კომპანიამ უნდა წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის სასახლის (რუსთაველის გამზირის 8) „С“ კორპუსის ცენტრალური ფლიგელის გაძლიერების საპროექტო სამუშაოების ჩამონათვალი და სამუშაოების ჩატარებისათვის სრული და დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.
დოკუმენტაციის თანახმად, საქართველოს პარლამენტის სასახლის „С“ კორპუსის ცენტრალური ფლიგელის აზომვითი ნახაზის შედგენის, შენობა-ნაგებობის გაძლიერების პროექტის შედგენის (ფართობი 6400 მ2), ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე შენობა-ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობის დადგენისა და დეტალური გამოკვლევისათვის საჭირო ღონისძიებების შედგენის (მოცულობა 230000 მ3), კონსტრუქციებში არმატურის დიამეტრის, განლაგების და არმატურის ბეტონის დამცავი შრის განსაზღვრის, ლითონის კონსტრუქციულ ელემენტებში კოროზიის ხარისხის განსაზღვრის, კონსტრუქციაში ბზარების მონიტორინგის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის (ბურღვა, შურფის გაყვანა), გრუნტის ტენიანობის განსაზღვრის, შენობა-ნაგებობების კონსტრუქციულ ელემენტებში დინამიური მახასიათებლების დადგენის, შენობა-ნაგებობების ურთიერთგავლენის ამოცანების, ფერდობის მდგრადობის გაანგარიშების სეისმურობის გათვალისწინებით, სამშენებლო მოედნის (უბნის) საინჟინრო-სეისმოლოგიური გამოკვლევის (სეისმურობის დაზუსტება) საფუძვლებზე - უნდა დამუშავდეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია იმ სახითა და მოცულობით, რომ შესაძლებელი იყოს მის საფუძველზე შესასრულებელი სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.
პროექტების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე საქართველოს პარლამენტის სასახლე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი.
როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტის ქუთაისისა და თბილისის შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის დაახლოებით, 4.5 მილიონის ლარის დახარჯვა იგეგმება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შესაბამის საკითხებზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გასული წლის ოქტომბერში განუცხადა.