ბოლო სამ წელში საქართველოდან ნატურალური თაფლის ექსპორტი 78,3%-ით შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე - 73,1 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა, 2016 წელს - 21, 2 ათასი დოლარის, 2017 წელს კი მხოლოდ 15, 8 ათასი აშშ დოლარის, რაც ბოლო წლებში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. რაც შეეხება 2018 წელს, იანვარში ექსპორტზე 0,1 ათასი დოლარის ღირებულების ნატურალური თაფლი გავიდა.
თაფლის ექსპორტის მკვეთრი შემცირების ფონზე, თურქეთში, სადაც თაფლზე მოთხოვნა დიდია, ქართველებისთვის საექსპორტო კვოტები გაიზარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის არსებული შეთანხმების გაფართოების ფარგლებში იქნა მიღებული. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განმარტა, კვოტების გაზრდის შედეგად, თურქეთში ქართული თაფლის ექსპორტი 20%-ით გაიზრდება.
ამ დრომდე 2007 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებზე დაწესებული კვოტა 200 ტონას შეადგენდა, თუმცა ქართველი მწარმოებლები კვოტას ვერ ითვისებდნენ და თურქეთში თაფლი ფაქტობრივად, ვერ გაჰქონდათ. თაფლის კომპანიები მთავარ მიზეზად თურქეთში პროდუქციის შეტანაზე დაწესებულ მაღალ გადასახადს ასახელებდნენ.
თაფლის ექსპორტი დაშვებულია ევროკავშირშიც. თუმცა სტატისტიკური მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანა ამ შესაძლებლობას ვერ იყენებს და თაფლის ექსპორტი მაქსიმალურად მცირდება.
როგორც თაფლის მწარმოებლები „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებენ, ქართულ თაფლზე კვოტის გაზრდა კარგია, თუმცა კვოტას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თაფლის გატანას გართულებული საბაჟო პროცედურების გამო მაინც ვერ ახერხებენ. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ პარტნიორ ქვეყანასთან სწორედ აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები გამართოს.
თაფლის კომპანია „ბრეტის" გენერალური დირექტორის გიორგი კეპაშვილის
განცხადებით, მაღალი გადასახადის გარდა, თურქეთში ქართული თაფლის შეტანას ისიც ართულებს, რომ თურქული მხარე თაფლის მაღალ ხარისხს ითხოვს, საქართველოში კი კვალიფიციური ლაბორატორია არ გვაქვს.„პირველი ხელშეკრულების გაფორმების და კვოტების დაწესებიდან დღემდე არცერთი გრამი თაფლი არ გასულა. ჩვენ ვნახეთ პარტნიორი თურქეთში, რომელმაც გამოხატა სურვილი თაფლის ყიდვის. თუმცა მან თურქეთში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან თანხმობა ვერ მიიღო. ამდენად, საქართველოდან თურქეთში თაფლი მხოლოდ არალეგალურად გადის. ჩემთვის, როგორც მწარმოებლისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, კვოტა რამდენი იქნება. ბოლო 10 წელია ვხედავ, რომ ჩვენი ქვეყანა ამ საკითხს ვერ აგვარებს. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მეშვეობით ვცდილობდი ხმა მიმეწვდინა მთავრობამდე, მაგრამ შედეგი არ დადგა, საქართველოდან თაფლი არ გასულა. სასაცილოა, კვოტის გაზრდა მაშინ, როდესაც ისიც არ აგვითვისებია, რაც აქამდე იყო დაწესებული.
კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ საქართველოში ისეთი ლაბორატორია, რომელიც თაფლს კვალიფიციურად გამოიკვლევს, არ არსებობს. ამის შესახებ იცის თურქეთმა და ამიტომაც ართულებს საქართველოდან თაფლის გატანის პროცედურებს“, - განმარტავს გიორგი კეპაშვილი.
თაფლის მწარმოებელი კომპანია „ფეფეს" დამფუძნებლი გიორგი ტატიშვილი კი „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნავს, რომ თურქეთში თაფლის გატანაზე სირთულეების არსებობის გამო, უკეთესი იქნება, თუ მოინახება ახალი ბაზრები, მათ შორის აზიის ქვეყნები, სადაც თაფლს გაიტანენ.
„თურქეთში ფაქტია, რომ თაფლი ვერ გადის. ისინი საკუთარ ბაზარს აკონტროლებენ, მათ შორის ხარისხს. განბაჟების ტარიფი აქვთ იმდენად დიდი, რომ რაც უნდა შეიტანო, მოგებას ვერ ნახავ. საბაჟო გადასახადი რომ დაიწიოს, ჩვენმა მთავრობამ თურქეთთან ამ საკითხზე უნდა იმსჯელოს, თორემ მხოლოდ კვოტების გაზრდა ხელშეწყობას არანაირად არ ნიშნავს. ჩვენ თაფლს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით, თუმცა ვაპირებთ აზიაში, კერძოდ სამხრეთ კორეაში გატანას. მათი მხრიდან არის დაინტერესება და უახლოეს წლებში გავიტანთ, როცა შესაბამისი რაოდენობის თაფლი გვექნება. ზოგადად აზიის ქვეყნები საექსპორტოდ კარგია, დეტალური ანალიზის მოთხოვნები არ აქვთ, მათთვის მთავარია ნატურალური თაფლი იყოს. ვფიქრობ, აზიის ქვეყნების ბაზრებით დაინტერსება უნდა მოხდეს“, - აცხადებს გიორგი ტატიშვილი.
ლანჩხუთის თაფლის საწარმოს ხელმძღვანელი თამაზ ღლონტიც იგივე პოზიციას იზიარებს, რომ თურქეთისა და საქართველოს მხარეები მხოლოდ კვოტების გაზრდაზე კი არა, საბაჟო გადასახადის შესახებაც უნდა შეთანხმდნენ. ასევე, აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ მეფუტკრეობას ხელი უნდა შეუწყოს, რათა იმ რაოდენობის თაფლი იყოს ქვეყანაში, რომ ექსპორტზე გავიდეს.
„წელს ფაქტობრივად, თურქეთში თაფლი არ გასულა, გამკაცრებული საბაჟო კონტროლის გამო. თუმცა არაკანონიერი გზით აქამდე მაინც გადიოდა და ახლაც გადის. თუ გამარტივდება პროცედურები, თურქეთში გავიტან, მაგრამ ამ ეტაპზე შეუძლებელია. გარდა ამისა, არის მეორე პრობლემაც. ჩემი პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. იმდენი არ მაქვს, რომ ექსპორტზე გავიტანო. ასევე არიან სხვა მწარმოებლებიც. კარგი იქნება, თუ სახელმწიფო წაახალისებს ქართულ მეფუტკრეობას, თაფლის წარმოებას, რომ წარმოების რაოდენობა გაიზარდოს და ექსპორტზე გავიდეს“, - აცხადებს თამაზ ღლონტი.
თეონა კენჭიაშვილი