არის საკითხები, რომელთა ცოდნაც ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანია, თუმცა რიგი მიზეზების გამო მათ შესახებ მწირ (ან საერთოდ არ ვფლობთ) ინფორმაციას ვფლობთ.
თუმცა, OK&CG-ს იურისტებს თუ დავუჯერებთ, არის საკითხები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია. კომპანიის იურისტის, ანა გორდეზიანის თქმით, „მათთვის მოქალაქეებს ხშირად უკითხავთ, თუ რა არის ხაზობრივი ნაგებობა და რა უნდა ვიცოდეთ მის შესახებ“.
რა არის ხაზობრივი ნაგებობა?
ხაზობრივ ნაგებობას განეკუთვნება: საკომუნიკაციო ნაგებობა, საავტომობილო გზა, რკინიგზა, ყველა სახის მილსადენი, გვირაბი, საჰაერო-საბაგირო გზა, ელექტროგადამცემი ხაზი, კავშირგაბმულობის ხაზი, ფუნიკულიორი, დამბა, არხი.არსებობს თუ არა ერთიანი მონაცემთა ბაზა, სადაც ყველა სახის ხაზობრივი ნაგებობა არის რეგისტრირებული?
ხაზობრივი ნაგებობა არის უძრავი ნივთი, შესაბამისად ის ექვემდარება საჯარო რეესტრში რეგისტრაციას. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ხაზობრივი ნაგებობა შესაძლოა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ იყოს, რაც გამოწვეულია იმით, რომ საჯარო რეესტრის შექმნამდე არსებული ხაზობრივი ნაგებობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია რთული მოსაპოვებელია, ვინაიდან მათი დიდი ნაწილი მიწის ქვეშ არის განთავსებული და შესაძლოა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ამის შესახებ საერთოდ არ ჰქონდეს ინფორმაცია.როგორ ხდება ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობა და მასზე საკუთრების მოპოვება?
გარკვეული ტიპის ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობისათვის აუცილებელია, მოვიპოვოთ შესაბამისი ადმინისტრციული ორგანოს მიერ გაცემული თანხმობა/ მშენებლობის ნებართვა. იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის ნებართვა, აუცილებელი არ არის საკუთრებაში გვქონდეს მიწის ნაკვეთი, რომელზეც მშენებლობას განვახორციელებთ. მთავარია, მოპოვებული გვქონდეს იმ ნაკვეთების მესაკუთრეების თანხმობა, რომელზეც გვსურს მშენებლობის განხორციელება ან გვიდგინდებოდეს აღნიშნული ნაკვეთით სარგებლობის ფაქტი.ჩვეულებრივ, თუ სხვადასხვა მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს თავიანთი ნაკვეთების ტერიტორიაზე საერთო საკუთრების შენობა-ნაგებობის განთავსება სურს, აუცილებელია, აღნიშნული ნაკვეთების გაერთიანება და ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის მოპოვება. თუმცა, როდესაც საქმე ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობას ეხება, აღნიშნული წესის დაცვა აუცილებელი არ არის, ვინაიდან თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე ხაზობრივი ნაგებობა შესაძლებელია, სხვადასხვა მესაკუთრის ნაკვეთებზე იყოს განთავსებული.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე ხაზობრივი ნაგებობის განთავსების ნებართვის და შემდგომში მასზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელია მივმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს. ხაზობრივ ნაგებობაზე, აგრეთვე იმ ბოძებზე, რომელთა განთავსებაც აუცილებელია ხაზობრივი ნაგებობის მონტაჟისთვის, საკუთრების უფლების მოპოვება და რეგისტრაცია ხორციელდება სააგენტოს მიერ გაცემული თანმობის საფუძველზე, თუმცა ტერიტორია, რომელზეც განთავსებულია ნაგებობა, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რჩება.
გასათვალისწინებელია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის თანხმობა არ გაიცემა: თუ ხაზობრივი ნაგებობის სიგრძე არ აღემატება ორას გრძივ მეტრს ან/და თუ არ არის დასრულებული ან არასათანადოდ არის დასრულებული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების სამუშაოები.
როგორ მოვიქცეთ, თუ მშენებლობის მიზნით შევიძინეთ მიწის ნაკვეთი, რომელშიც განთავსებულია ხაზობრივი ნაგებობა?
შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად ერთ-ერთ აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს ინფორმაციის წარდგენა იმის შესახებ, მდებარეობს თუ არა რაიმე ნაგებობა აღნიშნულ ნაკვეთზე. შესაბამისად, ნებისმიერი პირი, რომელიც ნაგებობის აშენებას გეგმავს, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება საცხოვრებელი სახლი თუ დიდი სავაჭრო ობიექტი, ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის გამცემ პირს წარუდგინოს ინფორმაცია იმის შესახებ, აღნიშნულ ნაკვეთზე არის თუ არა განთავსებული ხაზობრივი ნაგებობა.მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ისაა, რომ გაირკვეს, რამდენად ფუნქციონირებადია აღნიშნული ხაზობრივი ნაგებობა და თუ ის ფუნქციონირებს პროექტი ისე უნდა იქნას შედგენილი, რომ გამოირიცხოს მისი რაიმე ფორმით დაზიანების რისკი. ამისთვის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს მშენებლობის განხორციელება არა უშაუალოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ხაზობრივი ნაგებობა არის განთავსებული, არამედ მიმდებარედ; თუმცა, თუ ეს შეუძლებელია, არსებობს სხვა გზაც. კერძოდ, ხაზობრივი ნაგებობა დაზიანების გარეშე უნდა იქნას გადატანილი სხვა ტერიტორიაზე, თუმცა, ამისთვის ასევე საჭიროა შესაბამისი ნებართვის მოპოვება, როგორც მშენებლობის ნებართვის გამცემი პირისაგან, ასევე ხაზობრივი ნაგებობის მესაკუთრისგან, ვინაიდან ის გარემოება, რომ ხაზობრივი ნაგებობა თქვენს ნაკვეთზეა განთავსებული, არ გულისხმობს, რომ მისი მესაკუთრე ხართ და თქვენი სურვილისამებრ განკარგავთ მას.
თუმცა, არსებობს ალბათობაც, რომ ვერ მოხდეს ხაზობრივი ნაგებობის გადატანა. ამიტომ უმჯობესია, მიწის ნაკვეთის შეძენამდე დავაზუსტოთ არის თუ არა მასზე ან მასში განთავსებული ხაზობრივი ნაგებობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად აუცილებელია მივმართოთ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც რეგისტრირებული ხაზობრივი ნაგებობების შესახებ ინფორმაციას მოგვაწვდის. თუმცა, მაინც რჩება ნაკვეთში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ისეთი ხაზობრივი ნაგებობის აღმოჩენის რისკი, რომელიც არც საჯარო რეესტრში იყო რეგისტრირებული და არც ადრინდელი მესაკუთრე ფლობდა რაიმე ინფორმაციას მის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, რისკის დაზღვევის მიზნით, სასურველია, ნასყიდობის ხელშეკრულების შედგენისას გათვალისწინებული იყოს ყველა საჭირო პირობა, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს თქვენს ინტერესებს.