„ნისანმა“ რობო-ტაქსის ტესტირება დაიწყო

„ნისანი“ ავტონომიური ავტო-გაზიარების ბიზნესში ერთვება. კომპანია DeNA-სთან ერთად, ის იაპონელ მომხმარებლებს სერვის „იზი რაიდის“ სატესტო პროგრამას შესთავაზებს.

დასაწყისში სატესტო პროგრამა ქალაქ იოკოჰამას დასახლება მინატომირაის ფარგლებში განხორციელდება, სადაც „ნისანის“ შტაბ-ბინა მდებარეობს.

მგზავრებს საშუალება მიეცემათ, ახალი სერვისით, „ნისანის“ შტაბ-ბინასა და იოკოჰამას შოპინგ ცენტრ „ვორლდ პორტერსს“ შორის 4.5-კილომეტრიანი გზა ავტონომიური რეჟიმით მოძრავი ავტომობილებით (რომლებიც ელექტრომობილ ნისან ლიფის ბაზაზე მომზადდა) გაიარონ.

იოკოჰამას გადატვირთულ გზებზე გზის გასაკვლევად, ავტონომიური „ნისან ლიფი“ 6 ლაზერული სკანერით, 14 კამერით და რადარული სისტემით აღიჭურვა. ყველა მათგანისგან და სენსორებისგან მიღებულ ინფორმაციას, კომპიუტერი გადაამუშავებს და ავტომობილს უსაფრთხოდ მართავს.

ავტონომიური „ნისან ლიფი“ ეკიპირებულია ტაბლეტებით, რომელთა მეშვეობითაც, მგზავრებს საშუალება ექნებათ, ქალაქის ღირსშესანიშნაობათა და დაგეგმილ სანახაობათა შესახებ შეიტყონ. უფრო მეტიც, ავტომობილი უახლოესი რესტორნების კუპონებსაც შემოგთავაზებთ.

სატესტო პროგრამის მეშვეობით, „ნისანი“ და DeNA ავტონომიურ ავტომობილებს ბევრ ასპექტში გამოცდიან. მათ ასევე აინტერესებთ, აღნიშნულ კუპონებს მგზავრები რამდენად ხშირად გამოიყენებენ. უფრო მეტიც, ტესტების დროს, კომპანიები თავიანთ კლიენტებს იმასაც ჰკითხავენ, თუ რამდენის გადახდას ისურვებენ, ასეთი სერვისი მუდმივ რეჟიმში რომ მუშაობდეს.

„ნისანი“ და მისი პარტნიორი რობო-ტაქსის სრულფასოვან რეჟიმში ამუშავებას 2020 წლის შემდეგ აპირებენ.