2018-2019 წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს სატელეკომუნიკაციო მომსახურებას „მაგთიკომი“, „ჯეოსელი“ და „ბილაინი“ გაუწევენ.
საუბარია, კონსოლიდირებული სახელმწიფო ტენდერის პირობებით შესყიდული მომსახურებით მოსარგებლე ანუ იმ კორპორატიულ აბონენტებზე, რომლებიც კორპორატიული მომსახურებით სარგებლობენ.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, განსხვავდება თუ არა წელს გამოცხადებული ტენდერისა და 2017 წლის სატენდერო პირობები/მოთხოვნები ერთმანეთისგან. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნებს შორის რამდენიმე განსხვავებაა.
კერძოდ, ახალი ტენდერის თანახმად, „თანამშრომელს უფლება აქვს ისარგებლოს შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული, კორპორატიულ ქსელში ჩართული მხოლოდ ერთი სააბონენტო ნომრით. ხოლო მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა თანამშრომელზე შესაძლებელი იქნება სამსახურებრივი საჭიროებიდან და მოვალეობების სპეციფიურობიდან გამომდინარე, სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში.
„სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონკრეტულ თანამშრომელზე შესაძლებელია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა, რომელიც განკუთვნილი იქნება პლანშეტური კომპიუტერისთვის მხოლოდ ინტერნეტის სარგებლობის ფუნქციით,“-აღნიშნულია 2018 წლის თებერვალში გამოცხადებულ ტენდერში.
ძველი ტენდერის პირობებში კი, სატენდერო კომისიის თანხმობის საჭიროება არ იყო ნახსენები.
სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, კონკრეტულ თანამშრომელზე შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე რიცხული მეორე სააბონენტო (პირადი) ნომრის გაცემა, რომელიც განკუთვნილი იქნება პლანშეტური კომპიუტერისთვის მხოლოდ ინტერნეტის სარგებლობის ფუნქციით, 2017 წლის ტენდერის პირობებში იყო გათვალისწინებული.
ამასთან, ძველი პირობებით თანამშრომელს შეეძლო აეღო კორპორატიულ ქსელში ჩართული, ფიზიკურ პირზე გაფორმებული, დამატებით მხოლოდ ერთი სააბონენტო ნომერი (თუ ურთიერთშეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი), რომელიც ოჯახის წევრისთვის იყო განკუთვნილი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი პირობა 2018-2019 წლის ტენდერში გათვალისწინებული არ არის.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში ახალი ტენდერის თანახმად, აბონენტებს დაუწესდათ ფიქსირებული გადასახადი (სააბონენტო) და შესაბამისად, ყოველთვიურად ერთ ნომერზე 1 ლარის გადახდა მოუწევთ. მაშინ როცა ძველი ტენდერის პირობებით, ფიქსირებული გადასახადი ერთ ნომერზე 1 ლარის ოდენობით მხოლოდ არათანამშრომლის შემთხვევაში იყო დაწესებული.
გარდა ამისა, სატენდერო დოკუმენტაციებში ინტერნეტ მომსახურების პირობები განსხვავებულია. კერძოდ, ახალი ტენდერის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებულები 1MB-ის - 0.01 ლარად; 1000 MB-ს - 2.99 ლარად; 3000 MB-ს - 3.99 ლარად, ხოლო 5 000 MB-ს - 4.99 ლარად მიიღებენ.
მაშინ, როცა 2017 წელს გამოცხადებული დღემდე მოქმედი სატენდერო პირობებით 1 MB-ს - 0.2 ლარად; 30 MB-ს - 0.49 ლარად; 50 MB - 0.99 ლარად; 500 MB - 1.99 ლარად; 1GB - 2.99 ლარად; 5GB - 3.99 ლარად, ხოლო 15GB - 4.99 ლარად უნდა მიეღოთ.
ამასთან, ახალ სატენდერო პირობებში, რომლითაც საჯარო სექტორის თანამშრომლები სატელეკომუნიკაციო მომსახურებას 2018-2019 წლებში მიიღებენ, MMS-ის, ვიდეოზარისა და მობილური ტელევიზიის სერვისის მიწოდება-მიღების პირობები არ არის განსაზღვრული.