თბილისის ინდუსტრიულ ზონაში 2018 წლის ბოლომდე ექსპლუატაციაში შევა საწარმო, რომელიც ფარმაცევტულ პროდუქციას საექსპორტოდ დაამზადებს.
ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორი კომპანია „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებას ინდოელები აპირებენ, რომლებიც პროექტს ამზადებენ და უახლოეს მომავალში მშენებლობის დაწყებაც იგეგმება.
„თბილისის ინდუსტრიულ ზონაში ინდური კომპანია, რომელსაც ქართული კომპანია სამშენებლო პროექტს უმზადებს, ფარმაცევტული წარმოების დაწყებას გეგმავს. საწარმო GMP-ის სტანდარტებით აშენდება, რასაც თავისი მოთხოვნები აქვს და დრო სჭირდება. პროექტის მომზადება ერთი თვის წინ დაიწყეს. წლის ბოლომდე, ექსპლუატაციაში უნდა შევიდეს. ეს იქნება მთლიანად საექსპორტო პროდუქცია. ინდუსტრიული თავისუფალი ზონის არსი სწორედ ეს არის, რომ პროდუქცია ექსპორტზე გავიდეს. ადგილობრივი ბაზრისთვის ფინანსურად მიზანშეუწონელია წარმოების განთავსება იმიტომ, რომ დაბეგვრის კუთხით არანაირი შეღავათი არ მოქმედებს და დამატებითი გადასახადებია“, - აღნიშნავს ტაბიძე.
მისივე თქმით, უცნობია ინვესტიცია, რომელიც ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებისთვის დაიხარჯება, რადგან ჯერ პროექტის საბოლოო ვარიანტი მომზადებული არ არის.
რაც შეეხება კომპანიებს, რომლებიც თბილისის ინდუსტრიულ ზონაში ოპერირებენ, მისი ინფორმაციით, აზერბაიჯანულ და უკრაინულ ლოგისტიკურ კომპანიებს კიდევ რამდენიმე კომპანია დაემატა, რომლებიც საკუთარ პროდუქციას თიზ-ში ასაწყობებენ და შემდეგ ექსპორტზე გააქვთ.
„ამ ეტაპზე არის ბევრი კომპანია, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ თბილისის ინდუსტრიული ზონით ისარგებლოს. დაგვემატა ყაზახური და თურქმენული კომპანიები. ასევე, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, თურქეთი, აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანა არიან დაინტერესებულნი, რომ ჩვენი ლოგისტიკური მომსახურებით ისარგებლონ“, - აცხადებს ტაბიძე.
ამასთან, მისი თქმით, მარტის ბოლოს თიზ-ში სასაწყობე და საწარმოო ფართების მშენებლობა დაიწყება, რომელიც სავარაუდოდ, ივნისში დასრულდება.
„ლოგისტიკურმა კომპანიებმა, რომლებიც ჩვენთან ოპერირებენ, ფართები თავად ააშენეს, თუმცა იმისთვის, რომ მათ ოპერირება გაუადვილდეთ და უკეთესი პირობები შევთავაზოთ, ფართების მშენებლობას თავადაც დავიწყებთ. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დავასრულეთ, რის გამოც პროექტის მომზადება გაგვიგრძელდა. მარტის ბოლოს მშენებლობა დაიწყება და ზაფხულში, სავარაუდოდ, ივნისში დავასრულებთ. ჩვენი სასაწყობო მეურნეობა რომ გვექნება, კომპანიებს ორი შესაძლებლობა ექნებათ - უკვე გამზადებული შენობის იჯარით აღების და მიწის იჯარით აღების. ამ ეტაპზე მხოლოდ მიწის იჯარით აღება შეუძლიათ. ასე რომ, მომავალში მათთვის პროცესები უფრო გამარტივდება. აღნიშნული ფართების ასაშენებლად დაახლოებით 700 000 აშშ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება“, - აღნიშნავს ტაბიძე.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას, გიორგი ტაბიძე განმარტავს, რომ თბილისის ინდუსტრიული ზონა მთავრობაზე ნაკლებად არის დამოკიდებული და ძირითადად კომპანიებს საკუთარი ძალებითა და ადგილობრივი კონტაქტების საშუალებით იზიდავს. თუმცა აღნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტვირთის გადაზიდვის საფასური საქართველოში საკმაოდ მაღალია.
„ზოგადად, საქართველოში ლოგისტიკური ფასები საკმაოდ მაღალია. მიუხედავად იმისა, რომ ბევრისთვის მისაღებია ვადები, დროის თვალსაზრისით, დგას მაღალი ფასების პრობლემა. რეალურად კონკურენცია რომ გავუწიოთ სხვა ქვეყნებს, ტვირთის გადაზიდვის საფასური უნდა შემცირდეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ყველანაირად ვცდილობთ, კომპანიებს შევუქმნათ პირობები, რომ დანახარჯი ნაკლები ჰქონდეთ და ამით მეტი კომპანია მოვიზიდოთ“, - აღნიშნავს გიორგი ტაბიძე.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.
თეონა კენჭიაშვილი