სურამში, ბაიანთხევში მდებარე უნიკალურ ტყე-პარკში სასტუმროს აშენებას მოსახლეობა აპროტესტებს.
როგორც ცნობილია, მიწის ნაკვეთი, რომელზეც სასტუმრო განთავსდება, გასული წლის ნოემბერში სახელმწიფო ქონების სააგენტოს მიერ გამართული აუქციონის შედეგად გაიყიდა.
სააგენტოს ცნობით, აუქციონი მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობდა და ქონების საწყისი ფასი თითქმის 9-ჯერ გაიზარდა. გამარჯვებული 243 “ბიჯის” შემდეგ გამოვლინდა, გამარჯვებულმა აუქციონზე მიწის ნაკვეთი, რომელიც 906 კვ.მეტრია, 275 000 ლარად შეიძინა.
როგორც მოსახლეობა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ადგილობრივები და დამსვენებლები იყენებდნენ ფეხბურთის და სხვა თამაშების გასამართად. ბოლო წლების განმავლობაში კი, ამ ტერიტორიაზე „არტგენის ფესტივალი“ ტარდებოდა. მოსახლეობა შიშობს, რომ გარდა იმ 1200 კვადრატული მეტრისა, სახელმწიფო კიდევ 5 ჰექტარის გასხვისებას გეგმავს და შესაძლოა, ხეები მასიურად გაიჩეხოს.
„ტყე არ უნდა იყიდებოდეს. ეს ტყე არის ხელოვნურად გაშენებული და უნიკალური, რომელიც მეოცე საუკუნეში მიხეილ მურვანიშვილმა გააშენა. 1200 კვადრატული მეტრი უკვე გაიყიდა, რომელზეც სასტუმროს აშენება იგეგმება. ეს იყო მოსახლეობისთვის დასასვენებელი ადგილი. გარდა ამისა, გვაქვს ინფორმაცია, რომ კიდევ 5 ჰექტარი უნდა გაიტანოს სახელმწიფომ აუქციონზე და თუ ეს მოხდა, დიდი რაოდენობით ხე მოიჭრება. შევქმენით საინიციატივო ჯგუფი და ვეცდებით, რომ პროცესები შევაჩეროთ“, - განგვიცხადეს ადგილობრივებმა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, პირი, რომელმაც აღნიშნული ტერიტორია იყიდა და სასტუმროს მოწყობას გეგმავს, ადგილობრივი მამია ბითაძეა. მისი განცხადებით, მოსახლეობას მის მიმართ პრეტენზიები იმიტომ აქვს, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ მიწოდებული. მისი თქმით, ტერიტორიაზე, სადაც სასტუმრო „სურამი პალასი“ აშენდება, არცერთი ხის მოჭრა არ იგეგმება.
„ეს იყო ცარიელი ტერიტორია, რომელსაც ბავშვები სტადიონად იყენებდნენ, თამაშობდნენ. ჩემს გარშემო ტერიტორია, სატყეო დეპარტამენტს ეკუთვნის. მოსახლეობა შეცდომაში შევიდა. მათ უკვე შევხვდი და ავუხსენი, რომ არანაირი 5 ჰექტარის ყიდვას არ ვაპირებ. პირიქით სასტუმროს გარეთ გზას, განათებებს და საპირფარეშოს მოვაწყობ, რომლითაც ადგილობრივებიც ისარგებლებენ. მათ ეგონათ, რომ გარშემო დიდი ტერიტორიის შემოღობვას ვაპირებდი და იქ არავის შემოვუშვებდი. არაფრის შემოღობვას არ ვაპირებ. არცერთი ხე არ მოიჭრება, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ადგილი, სადაც სასტუმრო აშენდება, ხეები არ არის. სასტუმრო ცარიელ ადგილზე ეტევა. ხეები კი დარჩება ეზოში და გარე პერიმეტრზე“, - განმარტავს მამია ბითაძე.
მისივე ინფორმაციით, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ერთ თვეში დაიწყება:
„სასტუმრო იქნება 5-ვარსკვლავიანი. პროექტირება დასრულებულია. მშენებლობას დაახლოებით ერთ თვეში დავიწყებ. სასტუმრო 36 ნომრისგან შედგება. მასში 2 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, გზის და განათებების ჩათვლით“, - აცხადებს მამია ბითაძე.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის კახა სამხარაძის ინფორმაციით კი, მოსახლეობა აღნიშნული მშენებლობის გამო არ დაზარალდება და სპორტული მოედნის საკომპენსაციოდ, მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მოედანი აშენდება.
„ვიცი, რომ ადგილობრივებსა და ინვესტორს შორის შეხვედრა გაიმართა. მათი პრეტენზიები გასაგებია, მაგრამ ტყეს საფრთხე არ მიადგება, არც მოსახლეობას. მე პირადად მათ არ შევხვედრივარ, თუმცა მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და განუმარტა, რა და როგორ იგეგმება. ჩვენ სამომავლოდ მივაქცევთ ყურადღებას, რომ მოსახლეობის ინტერესები დაცული იქნას. მუნიციპალიტეტს დაგეგმილი აქვს, რომ ახლო-მახლო ტერიტორიაზე სანაცვლოდ ააშენოს სპორტული მოედანი, სადაც ახალგაზრდები თამაშს შეძლებენ. გარდა ამისა, ერთ-ერთი ბიზნესმენი მიმდებარე ტერიტორიაზე სამ სპორტულ მოედანსაც მოაწყობს“, - განმარტა კახა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, რომ სურამში აღნიშნული მიწის ნაკვეთის გასხვისება და მასზე სასტუმროს მოწყობა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში სულ რეალიზებულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა მინიმუმ 58,2 მლნ ლარია.
თეონა კენჭიაშვილი