„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, პროექტის „დანერგე მომავალი“ ბენეფიციარმა, ხვთისო ჭინჭარაულმა 20 ჰა მიწის ფართობზე ვაშლისა და ხურმის ახალი ბაღი გააშენა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, ხეხილის ბაღი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში მდებარეობს. პროექტის „დანერგე მომავალი“ მენეჯერმა, მარიამ მეკოშკიშვილმა, კახეთის გუბერნატორ ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხვთისო ჭინჭარაულის ვაშლისა და ხურმის ბაღი დაათვალიერა.
უწყების ინფორმაციით, ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 98 630 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 70 048 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 28 582 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.
პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 4 531 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 23 561 278 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, კახეთის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 1 517 ჰა მიწის ფართობზე.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.