„მთელს საქართველოში ყველაზე დაბინძურებული ადგილი წერეთლის გამზირია“

„ხანძრების თემა თბილისს და ზოგადად, საქართველოს ვირუსივით მოედო.

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ გაჩენილი ხანძარი კი, უფრო მეტად ამძიმებს ეკოლოგიურ მდგომარეობას თბილისში“. ამის შესახებ ეკოლოგმა ხათუნა ახალაიამ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისში არსებულ ეკოლოგიურ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

„ნებისმიერი წვის შედეგი, რომელიც არასრული წვით გამოწვეული დიოქსინების გამოფრქვევასთან არის კავშირში, ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ხანძრის დროს, მიმდებარე ტერიტორიაზე შესუნთქული ჰაერი უფრო სავალალო და სარისკოა პატარა ბავშვებში, ჩვილში თუ ხანდაზმულებში, რომელთაც იმუნური მდგომარეობა არ აქვთ ძლიერი,“-აღნიშნა ახალაიამ.

ეკოლოგი „ელიავას ბაზრობის“ საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ წერეთლის გამზირი და მიმდებარე ტერიტორია ყველაზე დაბინძურებული ადგილია საქართველოში.

„წერეთელი და მის გარშემო არსებული ატმოსფერული ჰაერი, არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერი საქართველოში. ეს ხანძრები გარემოს დაცვის კუთხით სერიოზულ პრობლემას ქმნის. ვიზუალურადაც ჩანს, რამდენად დაბინძურებულია და რამდენად არასწორად მიმდინარეობს ამ ტერიტორიაზე საქმიანობა, ბიზნესის ქმედება თავისი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერია. არ ხდება ღობის, წვის თუ ავტომობილის გამონაბოლქვის კონტროლი. აღნიშნულ ტერიტორიაზე ძალიან ბევრი ავტოსერვისიც არის განთავსებული, რომლებიც არ არის აღჭურვილი ისეთი მოწყობილობებით, რაც გარემოს დაცვის კუთხით მსგავს ობიექტებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. „ელიავას“ ბაზრობაზე 36-მდე სხვადასხვა ტიპის აქტივობაა და აბსოლუტურად ყველა მოსაწესრიგებელი და გასაკონტროლებელია“,- განაცხადა ახალაიამ.