„ხელისუფლების “პიარისათვის” საბიუჯეტო დანახარჯები გაზრდილია“ - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ მათი საქმიანობისა თუ მიღწევების შესახებ მოსახლეობა სათანადოდ არ არის ინფორმირებული. მთავარ მიზეზად კი არასათანადო “პიარი” სახელდება. “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” დაინტერესდა, თუ რა თანხას ხარჯავდა ხელისუფლება 2012-2017 წლებში ადმინისტრაციულ ორგანოებში არსებულ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებზე, რომელთა მთავარ ფუნქციას, სწორედ ხელისუფლების საქმიანობის შესახებ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება და მასმედიასთან ურთიერთობა წარმოადგენს,“-ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გამოთხოვა 133 საჯარო უწყებიდან მოხდა, თუმცა, ორგანიზაციის ცნობით, 12-მა უწყებამ, მათ შორის საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, შემოსავლების სამსახურმა და იუსტიციის სახლმა ინფორმაცია არ მიაწოდა. შესაბამისად, კვლევა 121 საჯარო უწყებიდან გამოგზავნილ ინფორმაციას ეყრდნობა.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა და მათი ანაზღაურების ოდენობა მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები მხოლოდ ოქტომბრის ჩათვლით არის დათვლილი, პრესამსახურის თანამრომლების ანაზღაურება 2012 წლის ჯამურ დანახარჯს მაინც ბევრად აჭარბებს.
კერძოდ, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშია აღნიშნული, 2017 წელს საჯარო უწყებებში პრესსამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა - 643 ადამიანი, მათი ანაზღაურება კი 9 270 513 ლარი იყო. მაშინ როცა 2012 წლის მონაცემებით, პრესსამსახურების თანამშრომელთა რაოდენობა - 423-ს, ხოლო მათი ანაზღაურება 6 384 356 ლარს შეადგენდა.
„ჯამში, საკვლევი პერიოდის განმავლობაში 2012-დან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 55 მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 49 მილიონ 75 ათას ლარზე მეტი 2013-2017 წლებში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა,“- ვკითხულობთ კვლევაში.