ძალიან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ხშირად ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ხანდაზმულ სესხებს აცოცხლებენ.
მაშინ როცა კრედიტორი ხელშეკრულებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას ითხოვს, რომლის არსებობაც მოვალეს აღარც კი ახსოვდა. საადვოკატო ბიურო OK&CG-ს ადვოკატის ქეთევან ქავთარაძის თქმით, არ შეიძლება, რომ მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაუგებარი იყოს; გარდა ამისა, არის გარემოებები, რომლებიც მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, ვიდრე ვალდებულებების შესრულებაზე დაიწყებენ ფიქრს.
რა არის ხანდაზმულობა და რა შედეგებს იწვევს ხანდაზმულობის ვადის გასვლა?
ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით არის კანონმდებლობით დადგენილი ვადა, რომლის გასვლის შემდგომაც, პირს სხვა პირის მიმართ ეკარგება მოთხოვნის უფლება. სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას გააჩნია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, აღნიშნული ვადა აითვლება სესხის დაბრუნების მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან.რა შეზღუდვას ითვალისწინებს კანონმდებლობა კრედიტორის მოთხოვნის მიმართ?
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კრედიტორის მოთხოვნა მოვალის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ფარგლებით არის შეზღუდული. იმის გათვალისწინებით, რომ არ შეიძლება მოვალის სამართლებრივი მდგომარეობა მუდმივად გაურკვეველი/გაუგებარი იყოს კანონი ადგენს ხანდაზმულობის ვადას, რომლის გასვლის შემდეგაც მოვალე უფლებამოსილია, უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
რა სახის მოთხოვნებზე არ ვრცელდება კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვა - ხანდაზმულობის ვადა?
ხანდაზმულობა ვცრელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე, გარდა პირად არაქონებრივ უფლებებზე და მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრები გამო.რამდენია ხანდაზმულობის ვადა?
ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს - 10 წელს. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა - 3 წელია; უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების – 6 წელი. იმ მოთხოვნების, ხანდაზმულობის ვადა კი, რომლებიც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან წარმოიშობა, 3 წელს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ცალკეულ შემთხვევებში, კანონი შეიძლება ხანდაზმულობის სხვა სპეციალურ ვადებს ითვალისწინებდეს. თუ კრედიტორი მითითებულ ხანდაზმულობის ვადაში სათანადო ფორმით პრეტენზიას არ განუცხადებს მოვალეს, ის კარგავს მოთხოვნის უფლებას.რა მომენტიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადის დინება?
ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო, განეხორციელებინა ეს მოქმედება. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ კრედიტორი არ კარგავს უფლებას მიმართოს სასამართლოს თქვენ მიერ ვალდებულების შესრულების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ, განაცხადოთ, რომ კრედიტორის მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც თქვენს მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოდგენს. იცოდეთ, რომ თუ არ მიუთითებთ სასამართლოს, რომ თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნა ხანდაზმულია, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად იმსჯელოს ხანდაზმულობის საკითხზე.გახსოვდეთ, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოვალის მიმართ კრედიტორის მოთხოვნის გაქარწყლებას იწვევს. თუ ასეთ პირობებში მოვალე ნებაყოფლობით შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, შემდგომში შესრულებულის უკან დაბრუნებას ვეღარ მოითხოვს.
ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.
წყარო:myadvokat.ge