საწარმო, რომელიც დღეს ხანძრის შედეგად დაიწვა, „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ანდრე ქუჯაიძის ინფორმაციით, სამგორში, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3000 კვ.მ.-დე ფართობი დაიწვა.

როგორც ქუჯაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის ხანძრის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

"დაიწვა დაახლოებით 2000-დან 3000 კვ.მ-მდე სასაწყობე ფართი, სადაც ინახებოდა ხის მასალა. საწყობი მთლიანადაა დამწვარი. დაშავებული არ გვყავს. ხანძარი დაახლოებით 08:00 საათზე გაჩნდა. ამჟამად ცეცხლი ლოკალიზებულია და ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს. ადგილზე 15 სახანძრო ბრიგდა მუშაობს. რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს, ამას გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ქუჯაიძემ.

არსებული ინფორმაციით, საწარმო „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში იყო დაფინანსებული და ძაღლებისთვის ხის სადმოები მზადდებოდა.