დაბა სურამში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, დაბა სურამში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული.

„მძღოლმა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმოადგინა, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტში იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ, ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ჭრის წესით ხე-ტყის დამზადება, აკრძალულია. ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.