ისნის რაონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის ინფორმაციით, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობია დამწვარი.
როგორც ლაბუჩიძემ ჟურნალისტებს ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განუცხადა, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, საწყობი მთლიანად დაიწვა.
"ჯორჯიან პროდაქსს" აქ ჰქონდა რამდენიმე საწყობი. სამწუხაროდ, ის, სადაც ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობი იყო, დაიწვა. რამდენიმე სახის პროდუქციას აწარმოებდნენ. ერთ-ერთი პროდუქცია შინაური ცხოველების სახლები იყო, რომელიც ძირითადად ევროპაში იყიდებოდა.
ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, სხვა საწყობებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს. საბედნიეროდ, ამ საწყობთან არ გვაქვს საცხოვრებელი სახლები და არც სხვა კომპანიების საწყობებს გადადებია ცეცხლი. ძალიან მცირე კერებია დარჩენილი, რომელსაც ახლა აქრობენ.
სერიოზული ზარალია, რასაც ვუყურებთ. მიზეზი არავინ იცის. დაზღვეულია თუ არა ობიექტი, ამის შესახებ დეტალები არ ვიცი. რაც შეუძლია გამგეობას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დავეხმარებით“, - აღნიშნა კახა ლაბუჩიძემ.