შეგიძლიათ თუ არა უცხო ქვეყანაში სესხის აღება?

საბანკო დაწესებულებებთან საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ურთიერთობა, რაც ძირითადად, კრედიტის აღებასთან არის დაკავშირებული.

თუმცა, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, საპროცენტო განაკვეთები სესხებზე საქართველოსა და ევროპაში განსხვავებულია და უცხოეთში ამ თვალსაზრისით, მომხმარებელს საფინანსო დაწესებულებები ბევრად უკეთეს პირობებს სთავაზობენ.

სწორედ აღნიშნულის გამო მოქალაქეები ხშირად მომართავენ „ბიზნესპრესნიუსს“ კითხვით - თუ რამდენად შეუძლიათ საზღვარგარეთ არსებულ ბანკებში სესხის აღება.

როგორც ჩვენთან საუბრისას ფინანსისტი, არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი ბერძენაძე აღნიშნავს, პირობების თვალსაზრისით უცხოეთის ბანკები ჩვენზე ბევრად წინ არიან. შესაბამისად, თუ საქართველოს მოქალაქე რომელიმე კონკრეტული უცხო ქვეყნის მოთხოვნას აკმაყოფილებს, კერძოდ - აქვს იმ ქვეყნის ბინადრობა, შემოსავალი და აქტივი იმ ქვეყანაში, სესხის მიღება საკმაოდ ხელსაყრელი პირობებით შეუძლია.

მისივე თქმით, სწორედ იმის გამო, რომ უცხოეთში ბანკებს მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთები აქვთ, უცხო ქვეყანაში ლეგალურად მყოფი საქართველოს ბევრი მოქალაქე იქ იღებს სესხს და შემდეგ საქართველოში აპროცენტებს და „მევახშეობს“.

რაც შეეხება, საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის ბანკში სესხის აღებას, ბერძენაძე აღნიშნავს, რომ ბანკების გარდა სხვა საფინანსო ინსტიტუტები უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სესხს თითქმის საერთოდ არ გასცემენ. მეტიც, მისი განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სესხის გაცემისგან სერიოზული გარანტიის გარეშე ბანკებიც კი ძალიან იკავებენ თავს და იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქემ რომელიმე ქვეყანაში სესხი მიიღოს ან იმ ქვეყნის რეზიდენტი უნდა იყოს, ან უნდა ფლობდეს რაიმე აქტივს იმ ქვეყანაში და შემოსავალიც უნდა ჰქონდეს.

„ბევრ ქვეყანაში ძირითად შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სესხი საერთოდ არ გაიცემა, რადგან ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტები თავს იკავებენ და როგორც წესი, გარკვეული უზრუნველყოფის გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეზე კრედიტს არ გასცემენ. ეს კი ნიშნავს, რომ თუ საქართველოს მოქალაქეს რომელიმე უცხო ქვეყანაში სურს სესხის მიღება ან უძრავ ქონებას უნდა ფლობდეს იმ ქვეყანაში ან საკმაო მოცულობის დანაზოგი უნდა ჰქონდეს. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი მოთხოვნაა და სესხის მისაღებად აუცილებელია, იმ კონკრეტული ქვეყნის რეზიდენტობა, იქ ბინადრობის ლეგალური ფლობა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც საკმაოდ უკვირდებიან პირობებს და თუ მოკლევადიანი ბინადრობაა, მაშინ სესხის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გაცემისგან ძირითადად თავს იკავებენ. ზოგან, მაგალითად, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში არამოქალაქეს, მართალია სესხის აღების უფლება აქვს, მაგრამ ამისთვის სამუშაო ადგილიდან გარანტია სჭირდება, რომ სესხის დაფარვამდე სამსახურიდან არ გაუშვებენ და ა.შ.“,-აღნიშნა ბერძენაძემ.

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც შედარებით მარტივია უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სესხის აღება, როგორც არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, მათი რიცხვი არც ისე ბევრია.

„ძირითადად, დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის რამდენიმე ქვეყანაა, რომლებიც სესხს ბინადრობის უფლების გარეშე გასცემენ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. კერძოდ, ამ ქვეყნებში სესხის მისაღებად საჭიროა იქ გარკვეული აქტივის ფლობა და შემოსავლის მიღება. სხვა შემთხვევაში სესხის გაცემისთვის ყველა ქვეყანა ადგილობრივ ბინადრობას ითხოვს. შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქე რომ ჩავიდეს, თუნდაც ლეგალურად ცხოვრობდეს უცხო ქვეყანაში, ფაქტობრივად, ნულია იმის შანსი, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა სესხის მისცენ. მეტიც, ევროპის ბევრ ქვეყანაში ბინადრობის გარეშე საბანკო ანგარიშის გახსნაც კი ფაქტობრივად, არ ხდება,“-აცხადებს ირაკლი ბერძენაძე.