ორთაჭალაში ამერიკული ბრენდის-3 ვარსკვლავიანი სასტუმრო 2020 წელს გაიხსნება. სასტუმროს ბიზნესმენი, ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელაშვილი ააშენებს.
როგორც მან „ბიზნესპრესნიუსს“ ექსკლუზიურად განუცხადა, სამშენებლო პროცედურები უახლოეს თვეებში დაიწყება. მისი თქმით, ეს საკმაოდ პერსპექტიული ადგილია, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე სამთავრობო ქალაქისა და ბიზნეს სახლის აშენება და სხვადასხვა სამინისტროების გადატანა იგეგმება.
„სასტუმრო საცხოვრებელი კომპლექსის „ორთაჭალის ტურფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება. გარდა იმისა, რომ ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქს გადმოიტანენ, აქ საერთაშორისო კომპანიების ოფისებიც არის განთავსებული. შესაბამისად, ტურისტების გარდა, მათ სტუმრებსაც გავუწევთ მომსახურებას. ასევე, თბილისის აეროპორტთან ასე თუ ისე ახლოს ვართ და ტურისტები ამ მხრივაც დაინტერესდებიან. ეს იქნება მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელშიც ოფისები, გამაჯანსაღებელი ცენტრი, კვების ობიექტები განთავსდება“, - აცხადებს გელაშვილი.
რაც შეეხება ბრენდს, ბიზნესმენის განმარტებით, ამ ეტაპზე, სანამ ხელშეკრულებას ხელი არ მოეწერება, რომელი ბრენდი შევა სასტუმროს მენეჯმენტში, ამის გამხელის უფლება არ აქვს. თუმცა როგორც მან განგვიცხადა, ეს იქნება ამერიკული ბრენდი, რომელიც საქართველოში ნაწილობრივ უკვე წარმოდგენილია.
„აღნიშნული ბრენდი მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი რაოდენობის სასტუმროებს ფლობს. ჩვენი სასტუმრო იქნება დაბალი კლასის, 3 ვარსკვლავიანი. თბილისში ძირითადად 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებია. შესაბამისად, არსებობს მოთხოვნა, რომ შედარებით დაბალი კლასის ბრენდირებული სასტუმრო აშენდეს და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს“, - აღნიშნავს გელაშვილი.
მისი თქმით, სასტუმროში 180 ნომერი განთავსდება „სავარაუდო ინვესტიცია 15 მილიონი ლარი იქნება, რომელიც შესაძლოა, 20 მილიონამდეც გაიზარდოს. ამჟამად მოლაპარაკებები გვაქვს თანაინვესტირების ფონდთან ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით. მშენებლობას წელს, უახლოეს თვეებში დავიწყებთ და 2020 წელს გაიხსნება“, - აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე თქმით, გარკვეული კონფლიქტი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჰქონდა, უკვე მოგვარებულია და სასტუმროს ასაშენებლად შესაბამისი ნებართვებიც მიღებული აქვს.
„მოსახლეობასთან გარკვეული კონფლიქტები იყო, თუმცა შეთანხმებას მივაღწიეთ. ძველი განაშენიანების გეგმის რეგულირების (გეერგე) მიხედვით, ახალი ობიექტი მოსახლეობისგან 5 მეტრის დაშორებით უნდა იყოს. სწორედ ამაზე იყო კონფლიქტი, რომ მათ არ უნდოდათ, სასტუმრო ახლოს აშენებულიყო, თუმცა არათუ 5 მეტრით, არამედ 9-10 მეტრის დაშორებით აშენებას ვაპირებ და ამ მხრივ პრობლემა არ შეიქმნება“, - განმარტავს ბიზნესმენი.
თეონა კენჭიაშვილი