„ორ თვეში მშენებლობა 46 ობიექტზე გაჩერდა“

ბოლო ორ თვეში თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა სხვადასხვა დარღვევის გამო 46 მშენებარე ობიექტი შეაჩერა.

საუბარია, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდზე. ამის შესახებ ზედამხედველობის სამსახურმა ინფორმაცია „კვირის პალიტრას“ მიაწოდა.

მათივე ცნობით, იანვარ-თებერვალში სამშენებლო სამართალდარღვევაზე წარმოება 160 სუბიექტის მიმართ დაიწყეს. აქედან 84 სუბიექტზე შემოწმების აქტი შედგა, ხოლო 43 სუბიექტზე მიღებულ იქნა დადგენილება. ამ დადგენილებებიდან 13 სუბიექტის დაჯარიმების, ხოლო 30 მშენებლობის შეწყვეტის თაობაზეა მიღებული.

„თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ძირითადი ფუნქციაა სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერება ან/და დემონტაჟი და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე საჯარიმო სანქციების დაკისრება. აღსანიშნავია, რომ სამშენებლო სფეროში გამოვლენილი დარღვევების შემთხვევაში, სამსახური სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს და დამრღვევის მიმართ გასცემს მითითებას, რომლითაც დარღვევის აღმოსაფხვრელად გონივრულ ვადას უსაზღვრავს. დასახელებული ვადის გასვლის შემდეგ, სამსახურის სპეციალისტების მიერ ობიექტი ადგილზე მოწმდება და შემოწმების აქტი დგება, სადაც მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შედეგი აისახება,“ -ნათქვამია ინფორმაციაში.