მსხვილი ენერგეტიკული კონფერენციის მოლოდინში ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობის ფასმა ახალი სავაჭრო კვირა ზრდით დაიწყო.

ამ კვირაში OPEC-ის და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დიდ კონფერენციას (CERA-ს კვირეული) გამართავენ, რომელზეც ბაზარზე ჭარბი მიწოდების დაბალანსების გზებზე იმსჯელებენ. გარდა ამისა, კონფერენციაზე შეერთებულ შტატებში ფიქალის საბადოებზე მოპოვების საკითხებიც განიხილება.

ნიუ იორკის სავაჭრო ბაზარზე, WTI (დასავლეთ ტექსასური საშუალო) მარკის აპრილის ფიუჩერსები 0.31 პროცენტით, 61.37 დოლარამდე გაიზარდა. ბრენტ მარკის მაისის ფიუჩერსების ფასი კი 0.25 პროცენტით გაიზარდა და 64.53 დოლარს მიაღწია.

CERA-ს კვირეულს შტატ ტექსასის ქალაქი ჰიუსტონი მასპინძლობს და ეს ენერგეტიკის სფეროში უდიდესი კონფერენციაა. მასში მონაწილეობას ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანზაციის (OPEC) წევრების ნავთობის და ენერგეტიკის მინისტრები და ბაზრის სხვა დიდი მოთამაშეები მიიღებენ. მოსალოდნელია, რომ მასზე OPEC-ის და ამერიკის შეერთებული შტატების ფიქალის ნავთობის ბიზნესით დაკავებული კომპანიების წარმომადგენლთა შეხვედრა გაიმართება.

სწორედ ფიქალის ნავთობის მოპოვების ზრდაა ის ძირითადი ფაქტორი, რომლის გამოც, OPEC-ი ბაზარზე არსებული ჭარბი მიწოდების დაბალანსებას ვერ ახერხებს. ეს კი ნავთობის ფასის ზრდას ზღუდავს. ბაზრის დასაბალანსებლად, OPEC-მა ნედლეულის ყოველდღიური მიწოდება შეზღუდა, თუმცა ამას სასურველი შედეგი არ მოჰყოლია.

პარალელურად, შეერთებულ შტატებში მოპოვება განუხრელად იზრდება და ახლახან, ყოველდღიურად 10 მილიონ ბარელს ასცდა. ეს კი 2016 წლის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია. ამ მხრივ, აშშ-მა უკვე გადაასწრო საუდის არაბეთს და მსოფლიოში მეორე უდიდესი მიმწოდებელი გახდა. უფრო მეტიც, ანალიტიკოსთა პროგნოზით, მოპოვების ზრდის არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში, მალე რუსეთსაც ჩამოიტოვებს და მსოფლიო ლიდერი გახდება.