გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია „ბადაგონი“ წარმოების პროცესს შეუფერხებლად გააგრძელებს.
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.
მათივე განცხადებით, დღეს ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა და თავისუფლება აქვს.
„ბიზნესის ინტერესი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ასევე, თითოეული საწარმო უნდა მუშაობდეს იმის მიუხედავად, თუ რა დავა შეიძლება იყოს აქტივის გარშემო“, - აღნიშნავენ უწყებაში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანია „ბადაგონის“ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ფინანსურ დავასთან ორ კერძო სუბიექტს შორის, რაც სამეწარმეო საქმიანობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ კომპანიის ყველა იმპორტიორი პარტნიორი ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს კომერციულ ურთიერთობებს „ბადაგონთან“ და ყველა დაწყებული პროექტი მიზნობრივ ბაზრებზე წარმატებით განხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ კომპანიის ინფორმაციით, „ბადაგონის“ თბილისის სათავო ოფისი საქმიანობას დროებით წყვეტს.