აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში აშშ-ს წამყვანი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტები სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ გამოცდილებას გაუზიარებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID /REAP) და კომპანია TRECE Inc (აშშ) ორგანიზებით, საქართველოში აშშ-ის უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები იმყოფებიან. მათ შორის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სასოფლო-სამეურნეო კვლევის სამსახურის (USDA, ARS), ვირჯინიის ტექნიკური უნივერსიტეტის, სასოფლო-სამეურნეო კვლევებისა და ექსტენციის ცენტრის, ოკლაჰომას და პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

აშშ-ის წამყვან სპეციალისტებთან შეხვედრა სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა, სადაც სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა წარმოადგინეს ინფორმაცია საქართველოში გავრცელებული მავნებლის - აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს და აშშ-ის სპეციალისტების თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება, ხელს შეუწყობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვას და განხორციელებას.

აშშ-ის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში გასვლა და ვითარების ადგილზე გაცნობა. ასევე, საქართველოს სამეცნიერო წრეების ჩართულობით ჩატარდება სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა – “აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) - გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები“.