მომხმარებელთა მხრიდან კომერციული ბანკებისადმი პრეტენზიები იზრდება. 2017 წლის მონაცემებით, ბანკებში 3 665 საჩივარი შევიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28,2%-ით მეტია.
2016 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 857-მა ადამიანმა მიმართა.
2017 წელს პრეტენზიების პირველი სამეულში შედიან:
1) მიმდინარე ანგარიში - 878 განაცხადი
2) სამომხმარებლო სესხი - 736 განაცხადი
3) საკრედიტო ბარათი – 426 განაცხადი
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, ჯამში შემოსული პრეტენზიების დაახლოებით ნახევარი ტრანზაქციებს, ჯარიმებსა და საკომისიოებს უკავშირდება.
ამასთან, ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, კომერციულ ბანკებში შესული და სრულად განხილული პრეტენზიებიდან მხოლოდ 25,8% (946 განაცხადი) იქნა მიჩნეული საფუძვლიანად ბანკების მიერ და მათი გადაწყვეტა მომხმარებლების სასარგებლოდ მოხდა, 69,9%-ის შემთხვევაში (2 562 განაცხადი) ბანკმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნია, 108 შემთხვევის განხილვა კი არ დასრულებულა.
რაც შეეხება 2016 წელს, შარშან კომერციულ ბანკებში 2 857 განცხადება შევიდა, რაც 5,9%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2015 წელს ბანკებს პრეტენზიით 2 697-მა ადამიანმა მიმართა.
აღსანიშნავია, რომ 2015 წლამდე დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობა მზარდი დინამიკით ხასიათდებოდა, ხოლო 2015 წელს აღნიშნული მონაცემი პირველად შემცირდა. თუმცა 2016 წელს ისევ ზრდა დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც მას შემდეგ იწარმოება. თუმცა იმ პრეტენზიების ოდენობა, რომლებიც ბანკის მიერ საფუძვლიანად არის მიჩნეული, ყოველთვის მცირეა, ვიდრე უსაფუძვლო. მაგალითად, 2015 წელს საფუძვლიანი პრეტენზიების წილმა მთლიან მაჩვენებელში 28% შეადგინა, 2016 წელს - 20%, 2017 წელს კი 25,8%.
თუმცა მომხმარებელი ამ სტატისტიკას სანდოდ სულაც არ მიიჩნევს. საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, დღესდღეობით კომერციული ბანკები მომხმარებლების როგორც ინტერესებს, ასევე მათ უფლებებს სულ უფრო ნაკლებად ითვალისწინებენ და იცავენ. ბანკები, რა თქმა უნდა, თავისი სიმართლის დამტკიცებას ცდილობენ, შესაბამისად, პრეტენზიების განხილვის პროცესში მომხმარებელთა საჩივრის დაკმაყოფილების პროცენტულობა მაღალი არ არის.