გამქრალი ბენზინი - ატყუებენ თუ არა ნავთობკომპანიები მომხმარებლებს

ავტომობილების რაოდენობა საქართველოში ყოველდღიურად იზრდება.

თბილისში დღეში მილიონზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება. შესაბამისად, იზრდება საწვავის მოხმარებაც. მხოლოდ იანვრის თვეში ნავთობკომპანიებმა 71 ათასი ტონა საწვავი შემოიტანეს. აქედან 39 ათასი ტონა კი ბენზინი. დღევანდელი მონაცემებით, ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა საქართველოში ათასს აღემატება. თუმცა, საინტერესოა, თუ რა ხდება საწვავის ქართულ ბაზარზე, ემსახურებიან თუ არა კეთილსინდისიერად მომხმარებელს და ატყუებენ თუ არა მათ? – ამის გარკვევა კი ქართველმა ავტომრბოლელებმა გადაწყვიტეს. სპეციალური ჭურჭლის გამოყენებით, მათ დაამტკიცეს, რომ თითქმის ყველა ნავთობკომპანია ატყუებს თავიანთ მომხმარებელს. რასაკვირველია, შედეგებს უარყოფენ ნავთობკომპანიები. მათი წარმომდგენლები არ ეთანხმებიან ამ კვლევას და მათ სისწორეშიც შეაქვთ ეჭვი. მათი განცხადებით, ეს ექსპერიმენტი ვერ ასახავს სიმართლეს. ამ შეხედულებას კი ბენზინის შესაძლო დაღვრით, აორთქლებით ან ექსპერიმენტში გამოყენებული ჭურჭლის უზუსტობით ხსნიან.

თუმცა, ფაქტია, თბილისში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებელს ბენზინს თითქმის ყველა ბენზინგასამართ სადგურზე აკლებენ. საშუალოდ, 5 ლიტრ საწვავზე 50- დან 200 მილიგრამამდე საწვავი ,,ქრება’’.

რატომ აკლებენ ნავთობკომპანიები საწვავს მომხმარებელს და რა არის გამოსავალი -,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის’’ ვიცე-პრეზიდენტის, პაატა ბაირახტარის შეხედულებით, მთავარი მიზეზი ბაზარზე არსებული ოლიგოპოლიური მდგომარეობა და კონკურენციის პრაქტიკული არარსებობაა, რომელიც წლების მანძილზე დამკვიდრდა.

“დღეს კომპანიები თავად კარნახობენ თამაშის წესებს ყველას, როგორც საზოგადოებას, ისე ხელისუფლებას. რაც შეეხება უშუალოდ ბოლო პერიოდში გააქტიურებულ თემას, რომლის მიხედვითაც, კომპანიები მომხმარებელს რაოდენობაშიც ატყუებენ, ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, თუ გავიხსენებთ ამ ბაზარზე წლების მანძილზე მიმდინარე პროცესებს. მაგალითად, ერთ-ერთი კომპანია, რომელიც თავს სხვადასხვა ბრენდული საწვავით იწონებდა, აღმოჩნდა, რომ მსგავს საწვავს საერთოდ არ ფლობდა, ასევე გვახსოვს საიმიჯო ვიდეორგოლები, საიდანაც კომპანიები ჩასხმის სიზუსტით იწონებდნენ თავს. ამ ამბებიდან ძალიან მალე ვიგებთ, რომ თითქმის ყველა კომპანია რაოდენობაშიც მნიშვნელოვნად ატყუებს თავის მომხმარებელს რომ არაფერი ვთქვათ იმ არაჯანსაღ ფასზე, რა ფასადაც ამ საწვავს ყიდიან”, – აცხადებს ბაირახტარი.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი არ ეთანხმება ქართველი ავტომრბოლელების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს საწვავის ჩასხმის სიზუსტესთან დაკავშირებით.

“სამართლიანობა მოითხოვს ვთქვათ, რომ ეს ექსპერიმენტი კუსტარულად არის განხორციელებული და მასზე დაყრდნობით, რაიმეს მტკიცება არ იქნება სწორი, თუმცა ამ ბაზარზე მრავალი ხარვეზი რომ არსებობს, ეს ნათელია. საწვავის ჩასხმის სიზუსტის კონტროლი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს ევალება და თუ მართლაც თაღლითობენ ეს კომპანიები საწვავის ჩასხმისას, ცხადია, ამაზე პასუხისმგებლობა მაკონტროლებელსაც ეკისრება და მის სისუსტეზე მიუთითებს”.

პაატა ბაირახტარის შეხედულებით აუცილებელია, რომ აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისმა სამსახურებმა მოკვლევა დაიწყონ, რათა ოფიციალური დასკვნა დაიდოს, თაღლითობენ თუ არა ეს კომპანიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს საკითხი ისევ ბურუსით იქნება მოცული, რასაც აფბას ვიცე-პრეზიდენტი სახელმწიფოზე ნავთობკომპანიების კიდევ ერთ გამარჯვებად მიიჩნევს.

ნავთობის ფასები მსოფლიოში დაბლა იწევს. თუმცა ეს ქართულ ბაზარზე გავლენას არ ახდენს. ამის მიზეზი კი ერთია – კომპანიებს მარაგი არ აქვთ. იმპორტირებული საწვავი კი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფასშია შეძენილი.

წყარო: „ბანკების ფინანსები"