თბილისში გაზგაყვანილობის მილები იმდენად მოძველებულია, რომ უკვე ექსპლუატაციის მესამე ვადა გასდის, ასეთ ქალაქში ცხოვრება კი ძალიან სახიფათოა.
ბუნებრივი აირის ქსელი საშინლად დაზიანებულია და მსოფლიოში დაწესებულ არც ერთ ნორმასა და მოთხოვნას არ პასუხობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, რეალურად, ძალიან ბევრ ადგილას ჟონავს გაზი, რასაც თბილისელები ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო ვერ გრძნობენ, რაც ხდება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი რეგულაცია, გარდა "ყაზტრანსგაზის" შიდა განაწესისა, რომელიც კომპანიას აბსოლუტურად ყველა ვალდებულებისგან ათავისუფლებს.
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" დირექტრის ყოფილი პირველი მოადგილე, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი სხვადასხვა დროს თბილისში მომხდარ გაზის აფეთქებას სწორედ გაზის მილების გაუმართაობას უკავშირებს. მისი ინფორმაციით, გაზსადენებს არ აქვს ე. წ. ელექტროქიმიური დაცვა, რაც უსაფრთხოებისთვის აუცილებელი კომპონენტია.
"უსაფრთხოების წესები მთელ მსოფლიოში მკაცრად არის განსაზღვრული და ყველა ქვეყანაში დაახლოებით ერთნაირი მიდგომა აქვთ დადგენილი სტანდარტის მიმართ. განსაკუთრებით საშიშია მიწისქვეშა მილები. მიწისზედა მილებიდან თუ გაზი გაიჟონა, შეიძლება ცეცხლი გაჩნდეს და ავარიის აღმოფხვრა ასე თუ ისე დროულად მოხდეს, მაგრამ იქ, სადაც გაზი გროვდება და გარკვეული პროპორციით შეერევა ჰაერს, მოსალოდნელია აფეთქება. უამრავი მაგალითია ჩვენთანაც, როცა აფეთქდა კორპუსი, ჩამოინგრა სადარბაზო და სხვა. ეს არ მოხდება, თუ წესებს მკაცრად დავიცავთ.
სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს არანაირი ნორმა და რეგულაცია ამ თვალსაზრისით, რადგან ყველაფერი გააუქმა სააკაშვილმა და არც ამ ხელისუფლებას უფიქრია მათი აღდგენა. ასეთი დაზიანებული და ძველი ქსელის მოქმედება დაუშვებელია საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარეშე.
რეალურად, ძალიან ბევრ ადგილას ჟონავს გაზი თბილისში. მანამდეც ჟონავდა და ახლაც ჟონავს, თუმცა ოდორანტის დაბალი კონცენტრაციის გამო ვერ ვგრძნობთ. თავად კომპანიისთვის, ქვეყნის ხელისუფლებისთვის არაერთი შემთხვევა იყო გამაფრთხილებელი, რომ აუცილებლია მასშტაბური სარეაბილიტაციო პროგრამა. თუმცა რაზე ვლაპარაკობთ, როცა გაზგამანაწილებელ კომპანიაში დღესაც არ არის მასობრივად დანერგილი გაზის გაჟონვის აღმომჩენი დეტექტორები და დღესაც ბრიგადა რომ გამოიძახოთ, სავარაუდო გაჟონვის წერტილს ისევ ძველებურად, საუკუნის წინანდელი მეთოდით - ქაფით ეძებენ. ამ გზით გაჟონვის წერტილების აღმოფხვრა წარმოუდგენელია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სიმონიშვილმა.
გაზის მილების საექსპლუატაციო ვადა 30 წელია, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ელექტროქიმიური დაცვაც აქვს, ნიადაგი ნეიტრალურია და არც მოხეტიალე დენი შეიმჩნევა. რეალურად, თბილისში სამივე შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
"დედაქალაქის გაზის სისტემის ექსპლუატაციის ვადა 2-ჯერ არის გასული. კატასტროფული ვითარებაა! 60-იანი წლების შემდეგ რაც დამონტაჟდა, დიდი ნაწილი დღემდე არ შეცვლილა. ასეთი გაზსადენების მუშაობა არ შეიძლება ან უკიდურეს შემთხვევაში ყოველდღიურად უნდა მოწმდებოდეს ყოველი მონაკვეთი. ცხადია, 2000 კმ-ის სიგრძის მიწისქვეშა მილი ამ ინტენსივობით ვერ შემოწმდება, მაგრამ ჩვენთან ყველაფერი თვითდინებაზეა მიშვებული. ყოველდღე კი არა, წელიწადში 2-ჯერაც ვერ ამოწმებენ, რაც წარმოუდგენელია.
კომპანიაში ჰყავთ პროფესიონალები და მაქსიმუმს აკეთებენ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, მაგრამ კანონი არის კრიმინალური და ამაზე არავინ ზრუნავს. ყველა უწყებას მივმართე, მაგრამ შედეგი იყო ნულოვანი", - დასძენს სოსო სიმონიშვილი.
მისი თქმით, ტექნიკური ზედამხედველობის შესახებ კანონის გაუქმების შემდეგ საქართველოში გაზგამანაწილებელ მეურნეობას მოსთხოვეს ნორმების თვითნებურად დაწესება, რაც საერთაშორისო სტანდარტთან ახლოსაც ვერ მივა. შესაბამისად, შემმოწმებელი ვალდებულია, დააზუსტოს, მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო და განრიგი შეესაბამება თუ არა კომპანიის დადგენილ ნორმას, რაც სრული აბსურდია.
"დაზიანებული და ძველი ქსელის მუშაობა დაუშვებელია საფუძვლიანი რეაბილიტაციის გარეშე. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მიწისქვეშა გაზსადენებს აქვს ე. წ. ელექტროქიმიური დაცვა, ასე უნდა იყოს საქართველოშიც. ამიტომაა, რომ, ფაქტობრივად, ყოველ წელიწადში ხდებოდა სახლებისა და კორპუსების აფეთქების ფაქტები. წელს რისკი შემცირდა მხოლოდ იმის გამო, რომ შედარებით თბილი ზამთარი იყო და ყინვა არ ყოფილა.
2008 წლის შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ სფეროში კანონები ისე გადააწყო, მთელი ქალაქიც რომ აფეთქდეს, პასუხს ვერავის მოსთხოვ. კომპლექსურად სჭირდება ამ პრობლემას მიდგომა. გაზგამანაწილებელ კომპანიას კანონმა განსაზღვრული პასუხისმგებლობა და ვალდებულებები უნდა დააკისროს. სხვა შემთხვევაში მას სულ არ ანაღვლებს მოსახლეობის უსაფრთხოება და სერვისის გაუმჯობესება", - აცხადებს სიმონიშვილი.
გაზის მილებთან დაკავშირებული პრობლემა კარგად ნაცნობია "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოებისათვის". ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბექა კემულარია მოითხოვს, რომ "ყაზტრანსგაზის" საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდეს, რითაც დადასტურდება, როგორია კომპანიის დამოკიდებულება უსაფრთხოების ნორმების მიმართ.
"გაზგამანაწილებელ კომპანიას სახელმწიფოს წინაშე ინვესტიციების განხორციელების გარკვეული ვალდებულება აკისრია. ხდება ისეც, რომ ინვესტორს გარანტირებულად ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავისი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არავინ შეედავოს. სავარაუდოდ, ასეა "ყაზტრანსგაზის" შემთხვევაშიც, როცა მაქსიმალურ მოგებას მინიმალური დანახარჯით იღებენ. როგორც წყლის, ასევე გაზის შემთხვევაში საკმაოდ ხშირად არის ავარიული გამორთვა, რადგან ეს მილები, ცენტრალური სადენები და უკვე დაქსელვა (შიდა განაწილება) არ არის მოწესრიგებული. თავის დროზე არ განხორციელებულა ინვესტიციები და არემონტებენ უშულოდ იმ მონაკვეთს, სადაც ავარიული შემთხვევა გამოვლინდება.
გაზის მილები ათეული წლის წინ დამონტაჟდა. ფაქტობრივად, ნაღმზეა ქალაქი და ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანია თავის ვალდებულებას ჯეროვნად არ ასრულებს. ცხადია, არის კანონმდებლობის ხარვეზიც, მაგრამ ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმის დაცვა კომპანიას ყველა შემთხვევაში მოეთხოვება.
სახელმწიფოს მხრიდან მიდგომა უნდა შეცვალოს, რათა გამკაცრდეს მოთხოვნა და "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საქმიანობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდეს. ამით დადასტურდება, თუ როგორ ეკიდება კომპანია უსაფრთხოების ნორმების დაცვას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" კემულარიამ.
დედაქალაქში არსებული ბუნებრივი აირის მილების დიდი ნაწილი დიდი ხნის ამორტიზებულია და გადაუდებლად საჭიროა მათი შეცვლა, უარეს შემთხვევაში კი რეაბილიტაცია.
"კომპანიის ერთადერთი მიზანია, რომ მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური მოგება. ინვესტიციას თუ განახორციელებს, ცხადია, ეს ხარჯიც ისევ მოსახლეობას დააწვება, რამდენადაც კაპიტალდაბანდების კომპონენტი დევს ტარიფში. ისიც შესაძლებელია, რომ გადასახადის მატებამ მოხმარებაზე უარყოფითად იმოქმედოს და ამიტომ ურჩევნიათ, უსაფრთხოება იყოს დაბალ დონეზე და მეტი შემოსავალი მიიღონ. ცივილიზებულ ქვეყნებში გაზის დისტრიბუცია უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენთან სწორედ ეს მომენტია ყველაზე დაბალ დონეზე, რაც საქართველოს ხელისუფლების სისუსტეა", - აცხადებს კემულარია.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საინტერესო იყო "ყაზტრანსგაზ-თბილისის" პოზიციაც, თუმცა "ბიზნეს-რეზონანსის" კითხვებს კომპანიის წარმომადგენლებმა არ უპასუხეს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში კი განმარტეს, რომ გაზის მილების კონტროლი მათ კომპეტენციაში არ შედის. უწყებაში მიაჩნიათ, რომ, წესით, მონიტორინგი აკისრია თავად "ყაზტრანსგაზ-თბილისს", რომელიც მის მიერვე შემუშავებული "სტანდარტით" მოქმედებს!
მარი ჩიტაია
გაზეთი "რეზონანსი"