ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 2017 წლის IV კვარტალში 660,1 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 6,3%-ით აღემატება.
ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,1% ქალი, ხოლო 59,9% - კაცია.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,7% მსხვილ ბიზნესზე, 22,4% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე მოდის.
რაც შეეხება დაქირავებულებს, მათმა მთლიანმა რაოდენობამ საანგარიშო პერიოდში 629,9 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 7,7%-ით მეტია. საწარმოთა მთლიანი დანახარჯები კი პერსონალზე - 2367,5 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18,6 %-ით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2017 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 24,8%, 13,8% და 11,1%-იანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10,2%), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8,0%), და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5,3%).