შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში ვიზიტით მყოფ გერმანიის დელეგაციასთან საუბარი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხს არ შეეხება.
როგორც გახარიამ შესაბამის საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება ტექნიკური შეხვედრები, რომელზეც საუბარი გაიმართება იმ ტექნიკურ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა უახლოეს პერიოდში გაატარებს.
“შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე არ იქნება საუბარი. ეს გახლავთ ტექნიკური მისია. ტექნიკურ მისიასთან შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისევე როგორც სხვა უწყებებში საუბარი იქნება იმ ღონისძიებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა გეგმავს, რათა ამ გამოწვევას შესაბამისად ვუპასუხოთ. ძირითადი პრობლემური საკითხი ეს არის თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობის ზრდა გერმანიასა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ გვექნება ვიზიტი ევროპოლში, სადაც უკვე კონკრეტულ მექანიზმებზე გვექნება საუბარი ოპერატიულ დონეზე ინფორმაციის გაცვლის შესახებ, რაც ასევე იქნება ძალზედ სერიოზული არგუმენტი ამ გამოწვევებზე პასუხისთვის.
შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, რომ რამდენიმე ქვეყანაში არის შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა არის გაზრდილი, თუმცა უნდა გვესმოდეს ერთი რამ, როგორც ჩვენი ევროპელი კოლეგები, ასევე ჩვენ გარკვეული რაოდენობის ზრდას ველოდით. აბსოლუტურ ციფრებში ეს არაა დიდი ციფრები, თუმცა პროცენტული ზრდის ტენდენცია არსებობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ნაწილობრივ გაცხადებული, რომელსაც პრევენციის ძალა ექნება, რამეთუ ამ გამოწვევას ყველამ ერთად ვუპასუხოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.