აზერბაიჯანიდან გაზის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, გერმანიის ხელისუფლება აზერბაიჯანის სახელმწიფო კორპორაციას გერმანულ ბანკში მსხვილ საკრედიტო გარანტიას აძლევს.
ამის შესახებ ინფორმაციას, დღეს გერმანული სააგენტო dpa გერმანიის ფინანსთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნის იენს შპანის ბუნდესთაგის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის პიტერ ბიორინგერისადმი გაგზავნილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.
სესხის მოცულობა 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს. „ამ გაზის მიწოდებამ, ევროპისა და გერმანიის გაზმომარაგების უზრუნველყოფას მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი“, - ნათქვამია შპანის მიერ გაგზავნილ წერილში.
ენერგეტიკულმა კონცერნმა E.on-მა ჯერ კიდევ 2013 წელს გააფორმა აზერბაიჯანთან გრძელვადიანი კონტრაქტი კასპიის ზღვაზე მოპოვებული გაზის გერმანიაში მიწოდებაზე.
შეთანხმება ითვალისწინებს ყოველწლიურად 1,45 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას 2020-2044 წლებში.
კოკა კვირკველია