კომუნიკაციის ეროვნული კომისიის ჯგუფმა „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენაზე თანხმობა გასცა

„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-იანი წილის შეძენაზე კოუმიკაციების ეროვნულ კომისიაში ზეპირი მოსმენა დღეს გაიმართება.

მანამდე კი, როგორც ცნობილია, კომისიაში სპეციალურმა ჯგუფმა აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებით ნებართვა უკვე გასცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სს „სილქნეტის“ მიერ შპს „ჯეოსელის“ წილის 100% -ის შეძენის წინასწარი თანხმობის მიღების მოთხოვნაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება თებერვალში დაიწყო.

კომისიის გვერდზე უკვე გამოქვეყნებულია პროექტი, რომლის თანახმადაც, გამოკვლევის შედეგად კომისიამ დაადგინა, რომ სს „სილქნეტს“, შპს „ჯეოსელის“ წილის 100 პროცენტის შეძენაზე თანხმობა მიეცეს.

„სილქნეტმა“ და შპს „ჯეოსელმა“ მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერ ცვლილებების თაობაზე შეატყობინონ მომხმარებლებს და კომისიას ცვლილებების განხორციელებამდე ერთი თვით ადრე. გადაწყვეტილება ძალაში შედის კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების გადაწყვეტილების სს „სილქნეტისთვის“ და შპს „ჯეოსელისთვის“ ჩაბარების დღიდან,“-აღნიშნულია პროექტში.

ამასთან, როგორც პროექტშია აღნიშნული, „სილქნეტს“ შპს „ჯეოსელის“ შეძენის შემთხვევაში, ზონათშორის ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალურ არხებთან დაშვების მომსახურების; ადგილობრივ ზონაში ოპტიკურ-ბოჭკოვან მაგისტრალური არხებთან დაშვების მომსახურების; ადგილობრივ ზონაში მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების და ზონათშორის მაგისტრალური საკომუნიკაციო ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვების მომსახურების სეგმენტებზე რამდენიმე სპეციფიკური ვალდებულება დაეკისრება.

კერძოდ, „ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებთან დაშვების ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით: უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ ზემოაღნიშნული საბითუმო მომსახურებების მსურველი ავტორიზებული პირისათვის საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან და ტექნიკურ საშუალებებთან შეუზღუდავი, გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული დაშვება. დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით: უზრუნველყოს სს „სილქნეტმა“ ზემოაღნიშნული საბითუმო მომსახურებების მსურველი ავტორიზებული პირისათვის მომსახურების მიწოდება იმგვარი არადისკრიმინაციული და ერთგვაროვანი პირობებით (მათ შორის ტარიფებით, ხარისხით, მიწოდების ვადებით), რომლებიც არანაკლებ ხელსაყრელია, ვიდრე საკუთარი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის, აფილირებული ან/და სხვა ავტორიზებული პირებისათვის. ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულება შემდეგი კონკრეტული პირობებით: სს „სილქნეტმა“ საჯაროდ გამოაქვეყნოს ზემოაღნიშნული საბითუმო მომსახურებებისთვის შეთავაზების წინადადება (მოწვევის ოფერტა). მოწვევის ოფერტაში ასახული უნდა იქნეს მომსახურებების მიწოდების არსებითი პირობები,“ - ვკითხულობთ პროექტში.