საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სასათბურე კლასტერის პროექტს 2018 წელს განახორციელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ითვალისწინებს იმერეთის რეგიონში აგროზონის შექმნას, სადაც, სახელმწიფოს მხარდაჭერით, მსხვილი სასათბურე კლასტერი აშენდება. პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილია 100 მილიონი ლარის ინვესტიცია.
„პროექტი მიზნად ისახავს დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის, კერძოდ, სასათბურე მწვანილისა და ბოსტნეულის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირებას და ახალ ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობას. ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტის მქონე სასათბურე მეურნეობის კლასტერული მოდელი და სატვირთო გადაზიდვების ტერმინალი (კოპიტნარის საერთაშორისო აეროპორტში) შეიქმნება.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება საქართველოს ყველა მოქალაქეს და ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა იურიდიულ პირს. პროექტში მონაწილე პირებმა უნდა უზრუნველყონ მიღებულ მიწის ნაკვეთზე სასათბურე ფართის აშენება არანაკლებ 0.1 ჰა-ზე და არაუმეტეს 5 ჰა-ზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებისას, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე გზის, ელექტროენერგიის, წყლის, გაზის მიყვანას.
იმერეთის აგროზონის ტერიტორიაზე დამოუკიდებელ სუბიექტად წარმოდგენილი იქნება საექსპორტო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს, ტერიტორიაზე დახარისხებას, გაყინვას, შეფუთვისთვის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურული შენობა/ნაგებობის შექმნას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.