აშშ-ს მიერ ევროპიდან რკინის იმპორტზე 25%-იანი გადასახადის დაწესების შემდეგ, ევროკავშირი საპასუხო ზომისთვის ემზადება და ამერიკულ ნაწარმზე იგივე ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს, - იუწყება Bloomberg-ი.
სააგენტოს ინფორმაციით, რომელსაც მის ხელთ არსებული ევროკომისიის დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს, გაზრდილი გადასახადი შესაძლოა, შეეხოს სამომხმარებლო პროდუქციასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ასევე რკინისა და სამრეწველო საქონელს, რომელთა იმპორტის საერთო მოცულობა შეფასებულია 2,8 მილიარდ ევროდ.
ევროკომისიამ აღნიშნული საკითხი ორშაბათს ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან განიხილა.
ჩამონათვალში, რომელზეც შესაძლოა, 25%-იანი გადასახდელი დაწესდეს, შესულია მაისურები, ჯინსები, კოსმეტიკა, მოტოციკლები და იახტები, რომელთა ყოველწლიური მიწოდება ევროკავშირის ბაზარზე შეფასებულია მილიარდ დოლარად.
გარდა ამისა, სიაში შესულია სოფლის მეურნეობის პროდუქცია: ბრინჯი, სიმინდი, ატმის წვენი, კენკრა, ასევე ბურბონი და თამბაქოს პროდუქცია, რომელთა საერთო იმპორტი შეადგენს 951 მილიონ ევროს.
გადასახდელი, რა თქმა უნდა, შეეხება რკინის პროდუქციასაც, რომლის ჯამური ღირებულება წელიწადში 854 მილიონი ევროა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ხელს მოაწერდა ბრძანებას 25%-იან გადასახდელზე იმპორტირებულ რკინასა და 10%-იან გადასახდელზე ასევე შემოტანილ ალუმინზე. ევროკავშირის გარდა, აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვეს ჩინეთმა, კანადამ, მექსიკამ და ბრაზილიამ.
კოკა კვირკველია