„სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100% წილის შესყიდვა მომხმარებლისთვის სასიკეთო გარიგებაა“

„ხაზგასმით ვამბობ დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი”. ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა გუშინ გამართულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ შეძენაზე ზეპირი მოსმენა გაიმართა.

„ჯეოსელი“ დღეს ფიქსირებული ინტერნეტის გარეშე ოპერირებს და მეტიც, მას ბოლო ორი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის განვითარებაში მინიმალური ინვესტიცია აქვს განხორციელებული, რადგან ბაზრიდან გასვლას აპირებდა და ეს გადაწყვეტილება მის მფლობელს სწორედ ორი წელია მიღებული აქვს, შესაბამისად, „ჯეოსელმა“ LTE მომსახურეობაზე განაცხადიც კი არ გააკეთა“- განაცხადა კახა ბექაურმა კომისიის სხდომაზე.

მისივე განცხადებით, „სილქნეტის“ მიერ „ჯეოსელის“ 100%-ის წილის შესყიდვა მომხმარებლისთვის მეტ შესაძლებლობას გააჩენს და პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება.

„ვისაც ფინანსები და ეს ბიზნესი ესმის დამეთანხმება, რომ გაერთიანების შემთხვევაში ფიქსირებული ხარჯები შემცირდება, რაც მომხარებლებისთვის წარმოშობს დიდ შესაძლებლობებს, მათ ერთის მხრივ გაუუმჯობესდებათ სერვისები და მეორეს მხრივ - პროდუქტების ხელმისაწვდომობა. ერთი სიტყვით, ეს მომხმარებლისთვის სასიკეთო გარიგებაა. ხაზგასმით ვამბობ, დღევანდელთან შედარებით ხვალინდელი დღე იქნება კონკურენციისთვის უკეთესი. დღეს „მაგთი“ ერთადერთი ოპერატორია, რომელსაც კონსოლიდირებული აქვს მობილური და ფიქსირებული აქტივები და თუ მეორე და მესამე კომპანიაც არ გაძლიერდა მასთან კონკურენცია გაჭირდება” - აღნიშნა ბექაურმა.

მისივე თქმით, „ბილაინის“ მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამ გარიგებით ბაზარი განვითარებამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდება, კატეგორიულად მიუღებელი და მცდარია.

„ჩვენ აქამდეც ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ არასწორი კონკურენციისგან ”ბილაინს“ და ამის ბერკეტები კომისიას აქვს, მაგრამ არ დავიცავთ იმისგან და არ მივცემთ საშუალებას, რომ გააჩეროს განვითარება და მომხმარებლისთვის საუკეთესო პროდუქტის მიწოდება. თუ კომპანია ამისკენ არ წავა და საქართველოს ბაზარს მხოლოდ ექსპერიმენტების რეჟიმში განიხილავს ამას ნამდვილად ვერ შევეგუებით. გვინდა, რომ მესამე ოპერატორი გაძლიერდეს და სერიოზული კონკურენცია გაუწიოს ბაზარზეარსებულ კომპანიებს ისევ და ისევ მომხმარებლის სასიკეთოდ“,- აცხადებს ბექაური.